ახალი ამბები

“ლუკოილმა” საწვავზე ფასი დროებით შეამცირა

30 იანვარი, 2013 •
“ლუკოილმა” საწვავზე ფასი დროებით შეამცირა

“აქციას ჰქვია სადღესასწაულო განწყობის გახანგრძლივება, ეს თვე გახლავთ დატვირთული დღესასწაულებით და თვის ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ფასდაკლების აქცია შეგვეთავაზებინა “ლუკოილის” ყველა მომხმარებლისათვის. 29 იანვარს 7–10  თეთრით დავაკელით ფასი ყველა სახის პროდუქციას.”

 

ლუკოილის ბენზინგასამართი სადგური
ლუკოილის ბენზინგასამართი სადგური

დავით მშველიძის განმარტებით, საწვავის ფასის აქცია ნიშნავს იმას, რომ ის გარკვეული პერიოდის შემდეგ დასრულდება. თუმცა რამდენ ხანს გასტანს “ლუკოილის” ქსელში საწვავზე ფასის შემცირების აქცია, მშველიძე არ აკონკრეტებს:

 

“აქცია გაგრძელდება უახლოესი დღეების განმავლობაში და მოკლევადიანი ნამდვილად არ იქნება. რამდენ ხანს გასტანს, ამას შემოვინახავთ და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები.” 

 

“ლუკოილის” გენერალური დირექტორის მოადგილე საცალო ქსელში ფასების შემცირებას კომპანიის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებას არ უკავშირებს:

 

“კონსოლიდირებული ტენდერი არის დიდი შეკვეთა, რომელსაც შემცირებული ფასი მივუსადაგეთ. ისევე, როგორც შესაბამის ფასდაკლებას ვუსადაგებთ ნებისმიერ სხვა ტენდერს, თუ კორპორატიულ შეკვეთას. იურიდიულ პირები 100 ლიტრი საწვავის შესყიდვაზე იღებენ ფასდაკლებას- 5000  ლიტრზე, 10 ათას ლიტრზე და 20 ლიტრზე ფასდაკლება განსხვავებულია. თუ იურიდიული პირი 55 მილიონ ლიტრს იყიდის, ფასდაკლების სქემა იგივე იქნება, რაც კონსოლიდირებულ ტენდერში. ტენდერი არის სხვა თემა და საცალო ბაზარი სხვა სეგმენტია.”

 

დავით მშველიძის განცხადებით, კორპორატიული კლიენტებისთვის საწვავის დისტრიბუციას ახორციელებს “უნი გრუპი”. კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი პირველია, ხოლო “უნი გრუპის” 50 პროცენტს თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი ფლობს, 50 პროცენტს კი, გიორგი პირველი.

 

დავით მშველიძის განმარტებით, არასოდეს დაინტერესებულა იმით, თუ ვინ ფლობდა “უნი გრუპს”:

 

“ჩვენ მათთან ვთანამშრომლობდით იმიტომ, რომ კარგად ახორციელებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს. “უნი გრუპი” ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო მომსახურებას, ნაწილობრივ კორპორაციული კლიენტების მომსახურებას. ასევე სხვადასხვა ღონისძიებების მომსახურებას “ლუკოილისთვის” “უნი გრუპი” თავს კარგად ართმევს. თუ ვინმე უკეთეს სერვისს შემოგვთავაზებს, ამ სერვისით ვისარგებლებთ. “უნი გრუპი”  ჩვენთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის მისი დამფუძნებელი.”

 

“ლუკოილი” საწვავის დისტრიბუციას ბულგარეთიდან, ქალაქ ბურგასში მდებერე ერთ–ერთი საუკეთესო ქარხნიდან ახორციელებს. “ლუკოილის” გენერალური დირექტორის მოადგილის განმარტებით, ევრორეგულარზე  ფასის 1,95 ლარამდე შემცირება საწვავის ბაზრის მოთამაშეებს არ გაუპროტესტებიათ. 

 

30 იანვრის მონაცემებით, ევრორეგულარის მარკის საწვავი საცალო ბაზარზე “ვისოლის” ქსელში 2,08 ლარია, “გალფში” – 2,05, “რომპეტროლში” – 2,05, ხოლო  აზერბაიჯანული “სოკარის” ქსელში რეგულარის საწვავის ფასი 2,05 ლარია.

 

საწვავის ბაზრის მოთამაშეები საცალო გაყიდვებში ფასის შეცვლას არ გეგმავენ. გასულ კვირას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ არაბრენდირებულ კომპანიებს საწვავი საცალო ბაზარზე 1,90 ლარად გამოაქვთ:

 

„მონოპოლიხტები, რომელთაც „კრიშავდა“ “ნაციონალური მოძრაობა”, პრობლემები შეექმნათ, ბაზარი გაიხსნა, შემცირდა ფასები და, შესაბამისად, შემცირდა მათი ბრუნვაც. სახელმწიფომ ჩაატარა კონსოლიდირებული ტენდერი და ბენზინს 1,88 თეთრად ვყიდულობთ. არაბრენდირებულ ავტოგასამართებზე საწვავის ფასი 1,90 თეთრია, ბრენდირებულებზე კი – 2,03 თეთრი.“

 

2013 წლის განმავლობაში  „სუპერისა“ და „პრემიუმის“ ტიპის ბენზინსა და „ევროდიზელის“ საწვავს სამთავრობო უწყებები  კომპანია „ლუკოილისგან“ შეისყიდიან. გასაყიდი საწვავის მოცულობა სულ 56 მილიონ ლიტრს შეადგენს.

    

კონსოლიდირებულ ტენდერზე 5 მილიონი ლიტრი საწვავით სახელმწიფო უწყებების მომარაგების უფლება   „რომპეტროლმა“ და „ვისოლმა“ მოიპოვეს.

 

ლუკოილი” სახელმწიფო უწყებებს “პრემიუმის” მარკის ერთ ლიტრ საწვავს 1,84 ლარად მიაწვდის, 1 ლიტრი “სუპერის” მარკის ბენზინის სატენდერო ფასი 1,91 ლარია. “ვისოლი” და “რომპეტროლი”  „რეგულარს“ სამთავრობო სტრუქტურებს 1,85 და 1,91 ლარად მიჰყიდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი