ვინ არის ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი, რომელიც ამჟამად 39 წლისაა და საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ხდება, ქალაქ ამიენში დაიბადა, თუმცა სკოლაში სწავლა პარიზში გააგრძელა. მაკრონმა ENA-ს კოლეჯი დაამთავრა, სადაც ფილოსოფიას სწავლობდა, 2008 წელს  კი ფინანსები გახდა მისი ინტერესის საგანი.

2014 წელს მაკრონი საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, მანამდე კი, 4 წლის მანძილზე,  ბანკში “Rothschild & Cie” საინვესტიციო ბანკირის პოზიციას იკავებდა. მაკრონი ასევე იკავებდა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მრჩევლის პოზიციას ეკონომიკურ საკითხებში.

თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე მაკრონი წინააღმდეგობრივი კანონის ინიცირებით გახდა პოპულარული, რომელსაც “მაკრონის კანონსაც” უწოდებენ. ეს კანონი გულისხმობს რეფორმების სერიას, რომელიც მაღაზიებს კვირას მუშაობის საშუალებას აძლევს და ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორის დერეგულირებას გულისხმობს. მემარცხენე ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონის მიღება პრემიერ-მინისტრმა დააჩქარა, BBC-ის “Hard Talk”-ში სტუმრობისას ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სოციალისტი ოპონენტების რაოდენობა უმნიშვნელოა.

ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტობის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როდესაც მოქმედ მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლის აპრილში მოძრაობა “En Marche” დააარსა. 4 თვის შემდეგ თანამდებობა დატოვა, თუმცა, როგორც ბიბისი წერს, პრეზიდენტი ოლანდი გათავისუფლებით “ემუქრებოდა”.

ბევრს საუბრობენ მის პირად ცხოვრებაზეც. მაკრონი 24 წლით უფროს ქალზე, ბრიჯიტ ტროგუნსზეა დაქორწინებული. ბრიჯიტ ტროგუნსი მანამდე დაქორწინებული იყო და სამი შვილი ჰყავს, თუმცა ქმარს გაშორდა და წყვილმა 2007 წელს იქორწინა.

ბიბისი წერს, რომ მაკრონის სასიყვარულო ისტორიას ხშირად იყენებენ იმის აღსაწერად, თუ რამდენად გამბედავი და საკუთარ თავში დარწმუნებულია პრეზიდენტობის კანდიდატი:

“მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ თუ შეძლო და 24 წლით უფროსი ქალი და სამი შვილის დედა შერცხვენის და დაცინვის მცდელობის მიუხედავად მოეხიბლა, ის ასევე შეძლებდა საფრანგეთს “დაპყრობასაც”,- ამბობს მისი ბიოგრაფი ანა ფულდა.

ემანუელ მაკრონი ცოლთან ერთად საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებას აღნიშნავს. 23. 04.2017 © EPA/YOAN VALAT

ემანუელ მაკრონი ცოლთან ერთად საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებას აღნიშნავს. 23. 04.2017 © EPA/YOAN VALAT

რას გეგმავს მაკრონი:

  • 50 მილიარდის ოდენობის სახელმწიფო ინვესტიცია პროფესიული გადამზადებისთვის, განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურისთვის და მოდერნიზაციისთვის.
  • კორპორაციებისთვის გადასახადების შემცირება
  • უმუშევრობის მაჩვენებლის 7%-მდე შემცირება (ახლა ეს მაჩვენებელი 9%-ია)
  • მობილური ტელეფონების აკრძალვა სკოლებში 15 წლამდე ბავშვებისთვის

მაკრონი მიიჩნევს, რომ 35-საათიანი სამუშაო კვირა ახალგაზრდებისთვის უნდა გაიზარდოს:

“როდესაც ახალგაზრდა ხარ, 35 საათი არ არის საკმარისი. მეტი უნდა იმუშაო და შენი საქმე კარგად შეისწავლო,” – ამბობს მაკრონი. იგი მიიჩნევს, რომ 50 წელზე გადაცილებულ დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ არჩევანი, ხანგრძლივი სამუშაო კვირა აირჩიონ, თუ -შედარებით მოკლე.

მაკრონი ევროკავშირის მტკიცე მხარდამჭერია – “ევროკავშირი არის ის, რაც ახალი რისკებისგან გვიცავს”.

მაკრონის იდეები არ მოსწონთ ფრანგ მემარცხენეებს და მას “ტონი ბლერის ასლს” უწოდებენ. თავად მაკრონი საკუთარ თავს მემარცხენედ მიიჩნევს, მაგრამ აკონკრეტებს, რომ არის მემარცხენე, რომელიც რეალობას თვალს უსწორებს და ქვეყანაში რეფორმირების გატარება სურს.

“ჩემი მიზანი არ არის მემარჯვენეების და მემარცხენეების გაერთიანება, ჩემი მიზანი ფრანგი ხალხის გაერთიანებაა”- განაცხადა მაკრონმა მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატობის შესახებ გახდა ცნობილი.

ემანუელ მაკრონს პიროვნულადაც პოზიტიურად ახასიათებენ.

“ის ძალიან ჭკვიანია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ჰუმანური, ემპათიის დიდი დოზით. ძალიან პოზიტიური და გულუხვია ურთიერთობებში,”- ამბობს მათიუ ლაინი, ფრანგი ინტელექტუალი.

“მან კარგად იცის, როგორ გაგრძნობინოს თავი ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად მსოფლიოში”, – ამბობს მაკრონის მეგობრი ანტონ მარგე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com