- ცოტნე, რა შეცვალა პატიმრობის წლებმა პირადად თქვენთვის და თუ აპირებთ პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას?
შეცვალა თავისთავად და რაღაც დოზით პირადად მეც შემცვალა, უფრო გულჩათხრობილი გავხდი. ეს ალბათ ადვილი ასახსნელია, რადგან როცა თვეების განმავლობაში უყურებ, თუ რა საშინელი მდგომარეობაა და როგორ ექცევიან ადამიანებს, რა სიტუაციაში ხარ, აბსოლუტურად უსამართლოდ, თავისთავად, ადამიანის ფსიქიკაზე ეს ნეგატიურად მოქმედებს. ამიტომ არც მიკვირს, რომ ცოტა გულჩათხრობილი გავხდი, მაგრამ სამომავლოდ ალბათ გამოსწორებადია.
- როგორ ეპყრობოდნენ პატიმრებს იმ ციხეში, სადაც თქვენ იხდიდით სასჯელს, იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები?
ორივე სინთეზში. სექტემბრის შემდეგ, როცა ციხის სკანდალური კადრები გავრცელდა, სიტუაცია შეიცვალა. მანამდე კი ადამიანი დაყავდათ ცხოველის დონეზე, მისგან სჭირდებოდათ მაქსიმალური სიჩუმე, რაც შეიძლება ნაკლები ფიქრი, აზროვნება, მორჩილება და ყველანაირი დემორალიზაცია ადამიანის. არ ვიცი, ამით რისი მიღწევა უნდოდათ. მორალურად გატეხილი ადამიანის მართვა გაცილებით ადვილია ალბათ. ყველაზე მეტად იმ ადამიანებით ვარ გაოცებული, ვინც ამას აკეთებდა, რადგან ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა რის ხარჯზე შეიძლება გაუკეთოს ეს ყველაფერი სხვა ადამიანს. მე იქ ადამიანების სახით ყველაზე დიდი ცხოველები ვიხილე.
- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წავიდა ეს ხალხი ციხიდან?
კი, წავიდნენ. მაგ დროისთვის მე ვიმყოფებოდი გეგუთის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში. ჩვენც გვქონდა სამართლიანი მოთხოვნა, რომ ძველი კადრები უნდა შეცვლილიყო. ეს ყველა სასჯელზე საშინელი იყო. მართალია, გაუპატიურებული პატიმრები მე არ მინახავს, ალბათ ჩვენ აგვარიდეს, როგორც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს, მაგრამ ცემაც მოგვიწია და მორალური შეურაცხყოფაც. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ მაგ კუთხით ადგილი ექნება ამ ადამიანებზე შურისძიებას, რადგან ბევრი ადამიანი ვნახე, ვინც ფსიქიკა, ჯანმრთელობა დაკარგა.
- თქვენ პოლიტპატიმრის სტატუსით გაგათავისუფლეს, ეს მაშინ, როცა აღიარეთ დანაშაული. აღიარებამდე განხორციელდა თქვენზე ზეწოლა?
ცხადია განხორციელდა და ამასთან დაკავშირებით ვაპირებ გავაკეთოთ ერთობლივი განცხადება. აღიარება არ იყო ჩვენი მხრიდან სასჯელის შემსუბუქება, პირიქით, იყო ორმაგი დასჯა. იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და არა მარტო ოჯახის წევრებზე.
- აპირებთ ამხილოთ ის პირები, ვისგანაც ზეწოლა განხორციელდა?
სახეები მახსოვს იმ ადამიანების, მაგრამ რთული იქნება მათი ვინაობის დადგენა.
- ვისი სახელით მოქმედებდნენ ეს პირები, ახსენებდნენ კონკრეტულ სახელებს?
სახელი და გვარი არ დაუსახელებიათ, მაგრამ ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო ზურაბ ადეიშვილი, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატიმროში გამოვემწყვდიე მე. უბრალოდ, ერთი კითხვა მაქვს ადეიშვილთან, რა სარგებელი, რა შედეგი მიიღო ამით.
- როგორ ფიქრობთ, ყველა პირის მიმართ სამართლიანად მოხდა პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება?
ვფიქრობ, ყველა იმსახურებდა გათავისუფლებას. მით უფრო, რომ სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაცია სწავლობდა ამ საკითხებს. ყველამ ვიცით, თუ რა მეთოდოლოგია ჰქონდა ამ ხელისუფლებას ბრალის აღიარების, თუმცა მე არც მაქვს უფლება შევაფასო, ეს სასამართლოს კომპეტენციაა.
- როგორ აფასებთ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებს?
ჩვენ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით ყველაფერთან ერთად. პრესა არ შემოდიოდა, მხოლოდ ტელევიზიების პროპაგანდული მანქანა იყო ჩართული, თუმცა ვერც მას ვუსმენდით, რადგან სექტემბრამდე ბუზის გაფრენის ხმა უნდა ყოფილიყო. ამიტომ კარგად არ ვარ გაცნობიერებული, რა ხდება ქვეყანაში. კოჰაბიტაცია ალბათ უნდა არსებობდეს რაღაც ჩარჩოებში მოქცეული, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ეს ვერ წარმოშობს განსაკუთრებულ ვალდებულებას, რომ ყველას ეპატიოს.
- გათავისუფლების შემდეგ ვინმემ თუ შემოგთავაზათ სამსახური, ან თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე გეგმები?
ჯერჯერობით ვიღებ მხოლოდ მილოცვებს, ოფიციალური შეხვედრები არ მქონია, არც სამუშაო შემოუთავაზებიათ და არც ველოდები, რადგან ჩვენ საინტერესო პიროვნებები აღარ ვართ.
- რატომ?
იმიტომ, რომ მაშინ ოპოზიციაში ვიყავით, ახლა კი ის ოპოზიცია ხელისუფლებაშია. ყოველ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, არა მგონია, საინტერესო ვიყოთ. ჯერ ვერც საფუძველს ვხედავ ხელისუფლებასთან ოპონირების.
- მურმან დუმბაძე ხომ არ შეგხმიანებიათ ამ დროის მანძილზე? ციხეში ან გათავისუფლების შემდეგ?
ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი რამდენიმე დღის წინ, ციხეში მას არ შეეძლო მოსვლა. არჩევნებში გამარჯვება მივულოცე წერილით, არ ვიცი, მიუვიდა თუ არა.
- სად ხედავთ თქვენს თავს სამოქალაქო სექტორში თუ პოლიტიკაში?
ჯერჯერობით დილემის წინაშე ვარ. ორივე საინტერესოა, მაგრამ მაინც პოლიტიკის მარყუჟში მაქვს თავი გაყოფილი.