ახალი ამბები

“მემარჯვენეები” მოუწოდებენ პარლამენტს, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე კანონი მიიღონ

18 იანვარი, 2013 • 1182
“მემარჯვენეები” მოუწოდებენ პარლამენტს, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე კანონი მიიღონ

“ეკონომიკურ დანაშაულზე  წინასწარი პატიმრობის აკრძალვის  ინიციატივით „ახალი მემარჯვენეები“ არაერთხელ გამოვსულვართ იმ პერიოდში, როცა მიხეილ სააკაშვილს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ჰყავდა და ყველანაირი ბერკეტი გააჩნდა კანონმდებლობაში ამ ცვლილებების შესატანად. ჩვენ ამ ინიციატივით რამდენიმეჯერ მივმართეთ პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს.  ეს ინიციატივა  იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავრი შეთავაზება „ახალი მემარჯვენეების“ წინასაარჩევნო პროგრამაშიც და ის ითვალისწინებდა ქვეყანაში სწორედ ბიზნესის თავისუფლების ხარისხის გაზრდას და მისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემოს შექმნას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ახალი მემარჯვენეების” პრეს-სამსახური ავრცელებს.   

 

 „ახალი  მემარჯვენეები“ მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა გუშინდელი განცხადებით ფაქტობრივად ამხილა საკუთრი თავი: 

 

“ძალზე კარგად გამოჩნდა, რომ იგი შესანიშნავად აცნობიერებდა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არათუ არ  დგამდა კონკრეტულ ნაბიჯებს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შესატანად, არამედ მუდმივ ტერორსა და სახელმწიფო რეკეტის პირობებში ამყოფებდა ბიზნესს. სწორედ მისი ერთპიროვნული მმართველობის პირობებში  საგადასახადო გადაცდომის, უმნიშვნელო ეკონომიკური დანაშაულის ან უბრალოდ პროკურატურის „სურვილის“ გამო აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის მისჯის პრაქტიკის ფართოდ დანერგვამ გაკოტრებამდე მიიყვანა ბევრი მეწარმე, აზარალა ქვეყნის ეკონომიკა და უმუშევარი დატოვა ათასობით ადამიანი. ამიტომ, დღეს მისი  მხრიდან ამ ინიციატივით გამოსვლა საკმაოდ ცინიკურია და ამ ეტაპზე მხოლოდ პოპულიზმს ემსახურება”, – აცხადებენ “ახალი მემარჯვენეები”.

 

თუმცა, მათი თქმით, ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის აკრძალვა რჩება აქტუალურ თემად საქართველოში ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფისა და ეკონომიკური  განვითარებისათვის:

 

“მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა  უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს ეკონომიკური დანაშაულისთვის  წინასწარი პატიმრობის შეფარდებას  და აღკვეთს ამ მავნე პრაქტიკას, რომელიც უკვე დიდი ხანია პრაქტიკულად აღარ გამოიყენება მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი