ახალი ამბები

თუ პროპორციული არ იქნება, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი არჩევნებისთვის – უსუფაშვილი

29 ნოემბერი, 2019 • 1983
თუ პროპორციული არ იქნება, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი არჩევნებისთვის – უსუფაშვილი

“შენების მოძრაობის” ლიდერმა დავთ უსუფაშვილმა, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ და “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს, 29 ნოემბერს ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ სამომავლო პოლიტიკური თანამშრომლობის მიზნით ერთობლივ საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს ქმნიან.

როგორც დავთ უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე თქვა, თუ პროპორციული არჩევნები არ იქნება, ისინი მოემზადებიან ნებისმიერი სხვა არჩევნებისთვის.

“ხელისუფლება დაინტერესბულია ვითარების ესკალაციით და ამ ესკალაციის შედეგად არეულობის ფონზე არჩევნების ჩატარებით და ასე ხელისუფლების გაგრძელებით. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ვინმეს ოპოზიციაში ასე წარმოედგინოს სახელისუფლებო საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ გვაერთიანებს ძალიან მყარი რწმენა იმის თაობაზე, რომ ქვეყანას სჭირდება არჩევნები და თუ პოროპორციული არჩევნები არ იქნება, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი არჩევნებისთვის, ნებისმიერ დროს იმისთვის, რომ არ მივცეთ საშუალება იმ ძალებს, მოქმედ ხელისუფლებას, ვისთვისაც ძალაუფლება იქცა თვითმიზნად და ამ მიზანს შეიძლება შესწიროს ყველა და ყველაფერი”, – თქვა უსფუაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა უბიძგა მას ხაზარაძესთან თანამშრომლობისკენ. როგორც უსუფაშვილი განმარტავს, “ლელოსთან” ერთად შექმნილი საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოში შექმნილი პარტიები ერთმანეთთან შეათანხმებენ სამომავლო პოლიტიკურ ნაბიჯებს.

“მჭიდრო კონსულტაციები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესს კოორდინირებულად ვუყურებთ. შესაძლოა ვიყოთ პარტნიორები საარჩევნო პროცესში, ან კონკურენტები საარჩევნო პროცესში და პარტნიორები პარლამენტში. ჩვენ გადავწყვიტეთ, კოორდინაცია იყოს ეფექტიანი. ჩვენ ჩვენს მომხრეებს და ყველა იმ მოქლაქეს, რომელიც დაიღალა ქოც-ნაცური და ნაც-ქოცური დაპირისპირებით, როდესაც სააკაშვილი ივანიშვილისთვის ყველაზე ღირებული სახელია დედამიწის ზურგზე იმიტომ, რომ ამ საფრთხობელას შექმნით აპირებს ფონს გასვლას. ეს მითი და პიარკონსტრუქცია უნდა დაირღვეს, ჩვენ გვაქვს მათი იმედი”, – თქვა უსუფაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და სხვა პარტიები ითხოვენ “ქართული ოცნების” დაპირებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ოპოზიციის ეს ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ან ე.წ. გერმანულ მოდელთან მიახლოებული სისტემით, რომელიც საარჩევნო ხმების სამართლიან განაწილებას უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი