გლენ გილმორი ამბობს, რომ თანამედროვე სამყაროში აკვარიუმის თევზის ყურადღების ინტერვალი 9 წამია მაშინ, როდესაც ადამიანის 8 წამამდე შემცირდა. დღეს უფრო მეტი შანსი გაქვს სოციალურ მედიაში განთავსებული კონტენტით დააინტერესო თევზები, ვიდრე ადამიანები.
გილმორი სოციალური მედიის ექსპერტია აშშ-დან. ის ჟურნალ “თაიმსის” 20 ყველაზე გავლენიან სოციალური მედიის ექსპერტს შორის იკავებს საპატიო ადგილს. გლენ გილმორს ნეტგაზეთი სოციალური მედიის ფენომენზე, კომუნიკაციის შეცვლილ სტრატეგიებზე, ციფრულ მედიაში პროპაგანდასთან ბრძოლის საშუალებებსა და ამ სფეროს გამოწვევებზე ესაუბრა. ექსპერტი თბილისში გამართულ ნატო-საქართველოს ფორუმში იღებდა მონაწილეობას:
როგორია თანამედროვე სოციალური მედია? როგორ გარდაიქმნა ციფრული მედია, რომელიც დღეს ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენს, და რამდენად შეიცვალა კომუნიკაციის წესები?
სოციალური მედია, ტრადიციული მედიისაგან განსხვავებით, აუდიტორიას აძლევს საშუალებას, გახდეს დიდი დიალოგის ნაწილი. პლატფორმები შეიძლება შეიცვალოს – შესაძლოა იყოს ფეისბუკი ან ტვიტერი, ან ინსტაგრამი – რადგან ხალხი ყოველთვის ცდილობს, სიახლეები გამოსცადოს და წინასწარ გამოიცნოს, რომელი მათგანი იქნება მომავალში უფრო მნიშვნელოვანი. მაგრამ უცვლელი რჩება ძირითადი კონცეფცია: სოციალური მედიის მთავარი მიზანი არის იდეების გაზიარება. რეალურ დროში ინტერაქციის საშუალება კი, რა თქმა უნდა, ცვლის ინფორმაციის მოხმარების არსებულ წესებს.
დადებით მხარედ შეიძლება გამოვყოთ ის, რომ სოციალურ მედიაში ყოველდღე სწავლობ. სოციალური მედიის შიგნით თუ უსმენ დისკუსიებს, მიხვდები და ამოიცნობ აზრის ლიდერებს ნებისმიერ სფეროში. შემდეგ უკვე იყალიბებ შეხედულებებს და გამოყოფ იმ აზრის ლიდერებს, რომლებსაც შენ ენდობი. მსოფლიოს ინფორმირების პროცესში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ისმის – რამდენად რელევანტურია ის, რასაც ვაზიარებ, რასაც ვამბობ. ყველას უნდა, რომ არ ჩამორჩნენ მიმდინარე მოვლენებს.
ფორუმის ერთ-ერთი მომხსენებელი აღნიშნავდა, რომ სოციალური მედიაში არ უნდა იყოს ისეთი მოსაწყენი, როგორიც ჰილარი კლინტონია და არც ისეთი აქტიური, როგორიც დონალდ ტრამპია. მაშინ როგორია “ოქროს შუალედი” პოლიტიკოსებისათვის? უნდა შეინარჩუნონ მათ სერიოზული იმიჯი, თუ ხალხი აფასებს მათ “ადამიანურ მხარეებსაც”?
განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ხარ პოლიტიკოსი თუ უბრალო მოქალაქე. სოციალურ მედიაში მთავარია, არ შეაფერხო უწყვეტი დისკუსიის პროცესი, პირიქით, მას უნდა შემატო ახალი მასალა. შენ უნდა გქონდეს განსაზღვრული ღირებულებები, რომელსაც შესთავაზებ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთანაც გაქვს კავშირი სოციალური მედიით. შენთვის განსაზღვრული აუდიტორიის რადენობა კი იმის მიხედვით გაიზრდება, რამდენად აქტიურად მიაწვდი მათ სიახლეს.
სოციალურ მედიაში ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც პოლიტიკოსები უშვებენ, არის მშრალი, ფორმალური სიახლეების გამოქვეყნება. მე მათ ვურჩევდი – უჩვენეთ ხალხს თქვენი რეალური ცხოვრების ნაწილი, უჩვენეთ ადამიანური ურთიერთობები. ეს გაცილებით მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას, აღგიქვათ ადამიანად და არ ჰქონდეს მუდამ განცდა, რომ თქვენი გვერდი სოციალურ მედიაში მხოლოდ კონკრეტულ მიზნებს ემსახურება.
როგორ შეცვალა დონალდ ტრამპის გამარჯვებამ სოციალური მედიის გამოყენების ტაქტიკა საარჩევნო კამპანიებში და შეცვლის თუ არა ეს ტრადიციული მედიის როლს მომავალ არჩევნებში?
ეს არ არის მხოლოდ ტრამპის ფენომენი. როდესაც ბარაკ ობამა პირველად აირჩიეს პრეზიდენტად, პირველი, რაც მოიმოქმედა, გამოაქვეყნა პოსტი ტვიტერში- “მადლობა, ტვიტერ”. ახლა აშშ-ში გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ყოველ წუთას ახალ პოსტს აქვეყნებს. ერთი მხრივ, ეს არის შემაშფოთებელი, რადგან ტვიტერის ფიდი არის გაუფილტრავი ინფორმაციის უწყვეტი დინება და ის ამ დინებაში ებმება, ის ხდება რიგითი ინფორმაციის გამავრცელებლი. მეორე მხრივ, ეს კარგად წარმოაჩენს სოციალური მედიის მომხმარებლების გამოწვევას, რომლებმაც მუდამ უნდა იფიქრონ გზავნილების კონტექსტზე – არის ეს ნეგატიური თუ პოზიტიური, როგორ მოვიდა ის ჩემამდე. განსაკუთრებით, როდესაც ის მოდის აზრის ლიდერისაგან, მაშინ უნდა ჩაერთოს საზოგადოება და განსაჯოს მისი გავლენები. ამასთან ერთად, კიდევ უფრო იზრდება ჟურნალისტიკის პასუხისმგებლობა, იმატებს ფაქტების გადამოწმების როლი.
როგორ შეცვალა სოციალური მედიის გამოჩენამ დიდი ორგანიზაციების საკომუნიკაციო სტრატეგიები. მაგალითად, ისეთი ორგანიზაციების, როგორებიცაა ნატო და ევროკავშირი?
რა თქმა უნდა, სტრატეგიები შეიცვალა. ორგანიზაციები უფრო ადამიანურები გახდნენ. ჩემი რჩევა იქნება, რომ მათი კიდევ უფრო მეტი დიალოგი გააჩინონ სხვადასხვა საკითხის შესახებ. ამისათვის კი თავდაპირველად მნიშვნელოვანია, რომ მათ მოუსმინონ აუდიტორიას. პირველ ეტაპზე უნდა გაზარდო ჩართულობა იმ ადამიანების, ვისთანაც გინდა, რომ შენი გზავნილი მივიდეს. ამიტომ დღეს სტრატეგიის სპეციალისტები სახელწმიფო სტრუქტურებში თუ დიდ კორპორატიულ ორგანიზაციებში იაზრებენ, რომ სოციალური მედია მხოლოდ სავალდებულო გზავნილების გამოსაქვეყნებლად არ არსებობს. ისინი თავადაც უსმენენ და ერთვებიან აზრთა გაზიარების პროცესში. ისინი ქმნიან ერთგულ აუდიტორიას.
რა ხდება მაშინ, როდესაც სოციალური მედია პროპაგანდისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების საშუალება ხდება? შესაძლებელი არის თუ არა, სოციალურ მედიაში პროპაგანდას სოციალური მედიის შიგნითვე დაუპირისპირდე? რა ინსტრუმენტები არსებობს ამისათვის?
როგორც უკვე აღვნიშნე, სოციალური მედია არ არის ცალკე გამოყოფილი სივრცე, ის არ არსებობს დამოუკიდებლად, მასში ყველა აქტორი არის მნიშვნელოვანი. იმისათვის, რომ პროპაგანდას დაუპირისპირდე, არამ ხოლოდ სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს, რომ გავრცელებული ფაქტები არასწორია, არამედ თავად საზოგადოება უნდა იყოს ეჭვიანი მიღებული ინფორმაციის მიმართ. მათ თავად უნდა ჰქონდეთ სურვილი, გააავრცელონ კონტრინფორმაცია – ფოტო, ვიდეო, მიმართვა. როდესაც ვცდილობთ, ცრუ ცნობებს, პროპაგანდას და მსგავს კამპანიებს დავუპირისპირდეთ, ჩვენ ვავრცელებთ რეალურ ინფორმაციას და იმ ადამიანების დახმარებით, რომლებიც ჩვენ უკვე გვენდობიან, მიგვაქვს ის უფრო დიდ აუდიტორიასთან.
შეგიძლიათ მოგვიყვანოთ მაგალითი, როდესაც ასეთმა მიდგომამ შედეგი გამოიღო?
ჩვენ ვსაუბრობდით ტრამპზე – ის საარჩევნო კამპანიის დროსაც და ახლაც ხშირად ავრცელებდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას. რა ხდება, როდესაც ის კიდევ ერთ ტვიტს აქვეყნებს? მალევე ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მას გადაამოწმებენ და იქვე, იმავე სასაუბრო ველში ამტკიცებენ ინფორმაციის სიცრუეს. ამ დროს შენ, ტვიტერის რიგითი მომხმარებელი გამოიწვევ ქვეყნის პირველ პირს და საჯაროდ აბათილებ მის ცნობებს. როდესაც არსებობს ამისი საშუალება, ის ხელიდან არ უნდა გაუშვა. ამიტომ საზოგადოება თავად უნდა იყოს მზად, უპასუხოს ცრუ ინფორმაციას. სწორედ ამისათვის საჭიროა ისინი შევამზადოთ, მათ მივცეთ მეტი რესურსი და ცოდნა, რომ არ ენდონ შემოთავაზებულ ცნობას მიამიტურად. მედიაწიგნიერების დონის ამაღლებასა და გამბედაობას სოციალურ მედიაში პროპაგანდასთან დაპირისპირების საშუალებად ვხედავ.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ცნობების მატებასთან ერთად, იზრდება ფაქტების გადამოწმების მნიშვნელობაც. ფეისბუკი და გუგლი ცდილობენ დამოუკიდებლად შექმნან ალგორითმები, რომლებიც ინფორმაციას გადაამოწმებენ. რამდენად რეალისტურად ჟღერს ეს ყველაფერი?
დიახ, ჩემი აზრით, რეალისტურია. მათ აქვთ საკმარისი რესურსი ამისათვის. ასევე, არ უნდა დაგვავიწყეს, თუ სოციალურ მედიაში გაავრცელებ ნებისმიერი სახის ცრუ ინფორმაციას, ის ყოველთვის გამოაშკარავდება რეალურ დროში. ხალხს აქვს უნარი, აღმოაჩინოს სიცრუე, ინფორმაციის მოხმარებასთან ერთად ჩნდება გამოცდილებაც – ჩნდებიან სანდო და საეჭვო წყაროები. თუ ეფექტურად ვერ იმუშავებს ალგორითმი, ყოველთვის იქნებიან გონიერი მომხმარებლები, რომლებიც შეაფერხებენ არასანდო ინფორმაციის გავრცელებას.
რა უნდა გააკეთოს ქვეყნის ხელისუფლებამ, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა? ემხრობით ინტერნეტში რეგულაციების დაწესებას? შესაძლებელი არის ეფექტურად ამის გაკეთება?
მთავარია, საზოგადოებამ არ მოვითმინოთ, არ ვიყოთ ტოლერანტული სოციალური მედიის მსგავსი მიზნებისათვის გამოყენების მიმართ. უნდა დავგმოთ ადამიანები, რომლებიც თავად არღვევენ წესრიგს და სხვებსაც მოუწოდებენ, გაავრცელონ სიძულვილის ენა, ძალადობა. თავისუფალ საზოგადოებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, უმაღლესი სტანდარტებით ვიცავდეთ სიტყვის თავისუფლებას. ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ სოციალურ მედიაში სიცრუის გამოსააშკარავებლად, ჩვენ თავად უნდა ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას. სოციალურ მედიაში არსებული უწყვეტი დიალოგის შენარჩუნება არის აუცილებელი უკეთესი მომავლისათვის.
ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა მხოლოდ ინფორმაციის დინებასთან გამკლავებაა. კითხვა, რომელიც რჩება, არის: როგორ მოვიქცეთ ისე, რომ ამ სახის არეულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები არ დაიკარგოს? როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი დინება?
ხელისუფლებებს კი, უბრალოდ შეუძლიათ, გამოიყენონ სოციალური ქსელები თავიანთი საზოგადოებების უკეთ გასაცნობად, უკეთ უნდა დაგეგმონ კომუნიკაცია – მივიდნენ იქ, სადაც მათი საზოგადოება არის და შეურთდნენ მათ დისკუსიებს.”
გლენ გილმორი თბილისს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ეწვია. ფორუმი დღეს სოციალური მედიის შესახებ გამართული პანელით დასრულდა. ფორუმში აღმასრულებელი და საკანონმდევლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული ექსპერტები მონაწილეობდნენ.