ახალი ამბები

ბრძოლა ადგილობრივ თვითმმართველობებში ძალაუფლების მოსაპოვებლად

29 დეკემბერი, 2012 •
ბრძოლა ადგილობრივ თვითმმართველობებში ძალაუფლების მოსაპოვებლად

საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ კოალიციის მხარდამჭერებმა ადგილობრივ თვითმმართველობებში უმრავლესობაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ აქციები მოაწყვეს, რამდენიმე რეგიონში შეიცვალა გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები. ყველაზე დაძაბული სიტუაცია დეკემბრის დასაწყისში მარტვილის რაიონში შეიქმნა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკრებულოს შენობა და მისი მუშაობა ამ დრომდე არ განახლებულა. „ქართული ოცნების“  მხარდამჭერები რამდენიმე დღის წინ ასევე შეიჭრნენ  ლაგოდეხის საკრებულოს შენობაში. ისინი მათთვის სასურველი კანდიდატის დანიშვნას მოითხოვდნენ საკრებულოსგან.

 

მიხეილ სააკაშვილმა 26 დეკემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას ივანიშვილის მთავრობას მოუწოდა თვითმმართველობებზე ზეწოლის შეწყვეტისკენ და გააფრთხილა კიდეც.

 

 “ყველამ თავის ვადებში უნდა მოახერხოს ამოცანების გადაწყვეტა, პარლამენტს აქვს თავის ვადა, მთავრობას აქვს თავის ვადა, ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს თავის ვადა. თუ მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის ვადის აღმოფხვრას მოინდომებს, ეს მთავრობა შექმნის პრეცედენტს თავისი თავისთვის და მე ნამდვილად არ მინდა კონსტიტუციური არასტაბილურობა და აღრევა გამოვიწვიოთ ამ ქმედებებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობებზე ზეწოლის კიდევ ერთ ფორმად მიიჩნევს თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელი პირების მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას და დაპატიმრებას. მაგალითად,  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 27 დეკემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ვანის რაიონის ყოფილ გამგებელს დავით კაკაბაძეს, რომელსაც პროკურატურა ამჯერად დოკუმენტის გაყალბებას ედავება. რამდენიმე კვირის წინ დაკავებისას მას ბრალად წაუყენეს დევნა სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. ის 8 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

 

სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს  თბილისის მერის მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობის პერიოდში ჩადენილი ქმედები გამო. გარდა ამისა, უკვე მესამედ დაიბარეს დაკითხვაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალური ხელისუფლებიდან თვითმმართველობებზე ზეწოლის ფორმად ასევე მიიჩნევს საკრებულოებში „ნაციონალი“ დეპუტატების გადაბირებას, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და რაიონის გამგებლების შეცვლას.

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დეკემბრის ბოლოს წარმოადგინა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგის პირველი ანგარიში.

 

„მონიტორინგი, რომელიც საქართველოს 69 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა, ცხადყოფს, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით თანამდებობა დატოვა 31-მა გამგებელმა, მათგან 29-მ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, ხოლო ორმა – საკრებულოს გადაწყვეტილებით. ამავე პერიოდში თანამდებობა დატოვა 16-მა საკრებულოს თავმჯდომარემ, მათ შორის 14-მა საკუთარი გადაწყვეტილებით, ხოლო ორმა – საკრებულოს გადაწყვეტილებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, პირადი განცხადებით თანამდებობის დატოვების დროს, როგორც წესი, ყოფილი თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღეს, ხოლო მიზეზად ძირითადად სახელდებოდა ისეთი გარემოებები, როგორიცაა – ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობები, ცენტრალური ხელისუფლების ცვლილება და საპროტესტო აქციების გამო ვითარების ესკალაციის თავიდან აცილება. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში საუბრობენ ყოფილი თანამდებობის პირები საჯაროდ და ღიად მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე.

 

„მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობების საკრებულოების უმეტესობაში კვლავაც უმრავლესობას წარმოადგენს, მათ მიერ არჩეული ახალი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები და მხარდამჭერები არიან, რაც ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს იმის თაობაზე, მიიღეს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილებები საკრებულოს წევრებმა ზეწოლისაგან თავისუფალ გარემოში“, – აცხადებს “სამართლიანი არჩევნები”.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას თვითმმართველობებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა. ივანიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ მთავრობა ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამდებობების გადანაწილების პროცესში არ ერევა, თუმცა მიიჩნევს, რომ ნორმალური პროცესია, თუ ერთი პარტიის წაგებისა და მეორის გამარჯვების შემთხვევაში გარკვეულ თანამდებობებზე პოლიტიკური ნიშნით ვინმე დაინიშნოს.

 

“თანმდევი მოვლენებია ის, რაც ხდება, ერთი-ორი კადრის ჩანაცვლება ნორმალური პროცესია”, – განაცხადა ივანიშვილმა. 

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ საია ყურადღებით ეცნობა ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ და მყისიერი რეაქცია ჰქონდეთ ნებისმიერ უკანონო ქმედებაზე, მათ შორის, გამგეობის შენობებში შეჭრაზე. თუ ეს რეაქცია დაუყოვნებლივ არ იქნება, კოჟორიძის მოსაზრებით, ეს წაახალისებს მსგავს ქმედებებს, რაც არ არის ქვეყნისთვის ხელსაყრელი.

 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები არჩეულ იქნენ 2010 წლის არჩევნების შედეგად ოთხი წლის ვადით. თვითმმართველობის მორიგი არჩევნები 2014 წელს უნდა გაიმართოს.

 

ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა ქართველ პოლიტიკოსებს არაერთხელ მოუწოდეს მშვიდობიანი თანაცხოვებისკენ და ერთობლივი მუშაობისკენ ქვეყნის განვითარების მიზნით, ისე, როგორც ეს განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2012 წლის შემოდგომაზე არჩევნების შედეგად სენატში უმრავლესობა მოიპოვეს დემოკრატებმა, პრეზიდენტიც გახდა დემოკრატების კანდიდატი ბარაკ ობამა, თუმცა ამას გავლენა არ მოუხდენია აშშ–ის არჩეულ ქალაქის მერებსა და  გუბერნატორებზე. 

 

ბოლო მონაცემებით, აშშ–ის 29 შტატს არჩეული რესპუბლიკელი გუბერნატორი ჰყავს, რომლებსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა გასდით 2013, 2014, 2015, 2016 და 2017 წლებში.  დემოკრატი გუბერნატორი  აშშ–ის მხოლოდ 20 შტატს ჰყავს, დამოუკიდებელი კი – ერთს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი