საკონსტიტიციო კომისიის სამუშაო ჯგუფებში გამართული კონსულტაციების შემდეგ “ოცნებამ” საკონსტიტიციო ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებას.
წარმოდგენილი პროექტით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი. აქედან, 150 ხმოსანი არის საქართველოს პარლამენტის წევრი, 13-13 ხმოსანი აირჩევა აფხაზეთის და აჭარის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან; 34 ხმოსანს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თბილისის თვითმმართველობა, ხოლო 90 ხმოსანს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ირჩევენ თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა კონფერენციები.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის შენობაში. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა.
პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 45 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია ბოლო 15 წელიწადი მაინც. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ხმოსანთა ერთ მეოთხედზე მეტს.