ახალი ამბები

სახელმწიფოს კომპრომისი საპატრიარქოს

28 დეკემბერი, 2012 • • 1035
სახელმწიფოს კომპრომისი საპატრიარქოს

“შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დათმობა. იდეაში არ არის სწორი, რომ პატრიარქი ანიჭებდეს სამეცნიერო ხარისხს, ამიტომ არის ეს კომპრომისი. მაგრამ სხვანაირად როგორ მოვახდინოთ ლეგალიზება არსებული სასწავლებლების? ეს ხომ არ არის ახალი სასწავლებელი, რომელიც ახლა იქმნება, არამედ უკვე არსებულზეა საუბარი”, – ამბობს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს საზოგადოების ნაწილი მკვეთრად უარყოფითად გამოეხმაურა, პარლამენტმა ის 93-ით 4-ის წინააღმდეგ გუშინ მეორე მოსმენით დაამტკიცა, ხოლო დღეს საბოლოოდ უყრიან კენჭს.

 

უარყოფითი დამოკიდებულების მთავარი ფაქტორი ის გახლდათ, რომ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პატრიარქს სამეცნიერო ხარისხის მინიჭების უფლება ეძლევა.

 

ზურაბიშვილი ამბობს, კანონში ჩაიწერება, რომ აღნიშნული უფლებამოსილება ერთჯერადად მიეცემა საქართველოს პატრიარქს. 2015 წლის იანვრიდან, როდესაც სასულიერო სასწავლებლები ავტორიზაციის წესს დაექვემდებარებიან, საქართველოს პატრიარქი ამ უფლებამოსილებით აღარ ისარგებლებს.

 

“კანონი მოითხოვს, რომ საბჭოს წევრები იყვნენ დოქტორები, ამიტომ მივეცით საშუალება საპატრიარქოს, რომ ერთჯერადად მისცეს დოქტორის წოდება პატრიარქმა. არ არის ეს იდეალური, მაგრამ არსებულ ვითარებაში, კონიუქტურას თუ გავითვალისწინებთ, სხვა გამოსავალი არ არის”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

 

მისი თქმით, განათლების სამინისტროს მოთხოვნა იყო, რომ სტუდენტები ეროვნული გამოცდების გზით მიეღოთ უმაღლეს სასწავლებელში და არა როგორც კანონპროექტის პირველ ვერსიაში იყო ნათქვამი, პატრიარქის მიერ დადგენილი წესების თანახმად.

 

ზურაბიშილი ამბობს, რომ კონსესუსი მიღწეულია და სასულიერო სასწავლებელში სტუდენტები ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით მოხვდებიან. მიქაელ ბოტკოველმა, პატრიარქის მდივანმა, “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ საუბარი იყო ერთი გამოცდის ჩაბარებაზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რაც მათთვის მისაღები პირობა აღმოჩნდა. საპატრიარქო წინააღმდეგია ზოგად უნარებში გამოცდის.

 

“ეროვნული გამოცდებზე პირადად მე საკმაოდ სერიოზული კამათი მქონდა და ბოლოს მინისტრის შეხვედრა შედგა პატრიარქთან და გადაწყდა, რომ ეროვნულ გამოცდას ჩააბარებენ, მე ვთქვი, რომ აუცილებელი იყო ამ პროცედურის გავლა,” – ამბობს ზურაბიშვილი.

 

ზურაბიშვილის განცხადებით, “სპეციფიკურ სასწავლებლებში, როგორიცაა სამხატვრო აკადემია და თეატრალური უნივერსიტეტი, ასევე იქნება სასულიერო სასწავლებლებში, სადაც ეროვნული გამოცდების ჩაბარება სავალდებულოა, თუმცა სასწავლებლებს ინდივიდუალური მოთხოვნები აქვთ, ე.წ. ტურები, რომლის გავლის შემდეგაც სტუდენტები ეროვნულ გამოცდებზე გადიან”.

 

სწავლება სასულიერო სასწავლებლებში სამდონიანი იქნება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა. აქედან ბაკალავრიატში სტუდენტები ეროვნული გამოცდის გავლით მოხვდებიან, ხოლო მომდევნო ორ საფეხურზე ჩაბარების წესებს საპატრიარქო დაადგენს.

 

პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მეორე მოსმენაზე პარლამენტმა კანონპროექტს კენჭი უყარა და რამდენიმე ცვლილებაც შეიტანა:

 

“კანონში რომ წერია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, უხერხულია. პატრიარქს უფლება და მოვალეობა აქვს ეს და ეს…. რა უფლება უნდა განუსაზღვრო კანონით, ეს არარეალურია. რაღაცები დაზუსტდება და უმცირესობასთანაც საერთო ენა გამოინახა”,- ამბობს ზურაბიშვილი.

 

ცვლილებები კანონპროექტში შევიდა. ცვლილებების თაობაზე “ნეტგაზეთი” კანონპროექტის პარლამენტში წარმდგენს, ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:

 

“სერიოზული, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა კანონპროექტმა და ყველაზე მთავარი რაც არის, საპატრიარქო, განათლების სამინისტრო, განათლების კომიტეტი, უმრავლესობა, უმცირესობა ყველანი ერთად მუშაობდნენ შეხმატკბილებულ რეჟიმში, რომ საკონსტიტუციო შეთანხმებიდან გამომდინარე, კანონპროექტი მიღებული ყოფილიყო პარლამენტის მიერ და მე ვფიქრობ, ეს კარგი პრეცედენტია, ” – განაცხადა კანონპროექტის ავტორმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა.

 

შეცვლილ კანონპროექტს მხარი საპარლამენტო უმცირესობამაც დაუჭირა. მათი თქმით, ეს ვარიანტი წინა ვერსიაზე გაცილებით უკეთესი იყო.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება სასწავლო გრანტებს უკავშირდება. ძიძიგურის თქმით, საპატრიარქოს ინიციატივით, სტუდენტური გრანტები სასულიერო სასწავლებლის სტუდენტებს არ შეეხებათ.

 

ძიძიგური ამბობს, რომ იურიდიულ- სამართლებრივ სივრცეში გამოჩნდა ახალი ტერმინი მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

 

“მინდა ხაზი გავუსვა შემდეგ გარემოებას, ყველგან, სადაც ეწერა საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო უმაღლესი დაწესებულება, დაემატა მართლმადიდებლური – ეს იყო ბატონი ვანო კიღურაძის და სერგო რატიანის ინიციატივა, რომ ეს ტერმინი დაზუსტებულიყო ასეთი სახით”, – ამბობს ძიძიგური.

 

ჩიორა თაქთაქიშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ შენიშვნები ნაწილობრივ გათვალისწინებულია:

 

“ამასთანავე, ვფიქრობ, რომ საჭირო არის ვიფიქროთ ერთ წინადადებაზე იმისთვის, რომ კანონპროექტი იყოს სრულყოფილი. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება კანონპროექტს დაემატოს ერთი მუხლი, ერთი წინადადების სახით, სწორედ იმ მუხლში, რომლის გადადებაზე ჩვენ გვქონდა საუბარი. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი არის ის დებულებები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული და ითვალისწინებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო სასწავლებლების და პროგრამების საკითხების რეგულირებას, ასევე, გავრცელდეს სხვა კონფესიების საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

თუკი ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას უმრავლესობასთან ამ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპზე, რომ ჩვენ გვქონდეს თანაბარი მიდგომა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, მიუხედავად მათი რელიგიური აღმსარებლობისა, ეს იქნება ძალიან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ უმრავლესობა და უმცირესობა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ შევთანხმდებით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ–ერთ ყველაზე ფუძემდებლურ პრინციპზე, რომელიც გახლავთ სწორედ აღმსარებლობის თვისუფლება და მოქალაქეების თანასწორობა კანონის წინაშე”, – აცხადებს თაქთაქიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი