ახალი ამბებიკინოხელოვნება

რას უნდა ველოდოთ “ამერიკელი ღმერთებისგან”

10 აპრილი, 2017 •
რას უნდა ველოდოთ “ამერიკელი ღმერთებისგან”

ნილ გეიმანის წარმატებული ნოველის მიხედვით გადაღებული ტელესერიალის პრემიერა 30 აპრილს შედგება. გარდა იმისა, რომ სერიალი მრავალი ჯილდოს მქონე წიგნს ეფუძნება და შოუს ერთ-ერთი ავტორი ბრაიან ფულერია, რომლის ნამუშევრებს შორის უდავოდ წარმატებული ტელესერიალი “ჰანიბალია”, მოლოდინს ისიც ამძაფრებს, რომ “ამერიკელმა ღმერთებმა” ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პოლიტიკური კონტექსტიც შეიძინა, რადგან როგორც თავად ნილ გეიმანს არაერთხელ უთქვამს, ესაა ამბავი იმიგრანტებზე.

პირველი, ვისაც “ამერიკელ ღმერთებში” შეხვდებით, შედოუ მუნია. შედოუ პატიმარია, სასჯელის დიდი ნაწილი უკვე მოხდილი აქვს და გათავისუფლებამდე რამდენიმე დღე დარჩა, თუმცა იმის გამო, რომ მისი ცოლი მოკვდება – ციხიდან შედოუ რამდენიმე დღით ადრე გამოდის. პირველი, ვისაც “თავისუფალ” სამყაროში შედოუ ხვდება, მისტერ უენზდეია (Mr. Wednesday). უნდა ითქვას, რომ შედოუსა და მისტერ უენზდეის გაცნობის სცენა სკანდინავიური მითოლოგიის მოყვარულებს უმალ მიანიშნებს მის ნამდვილ იდენტობაზე:

შედოუ:  ვინ ხართ?

უენზდეი: მოდი, რახან დღეს ჩემი დღეა, უენზდეი ვიქნები, მისტერ უენზდეი. თუ დღევანდელ ამინდსაც გავითვალისწინებთ, მისტერ თერზდეიც შეიძლება ვიყო. არა?  *თარგმანი: ნიკა სამუშია. ამერიკელი ღმერთების ქართულენოვანი გამოცემიდან.

მისტერ უენზდეი და შედოუ მუნი. კადრი "ამერიკელი ღმერთებიდან"

მისტერ უენზდეი და შედოუ მუნი.
კადრი “ამერიკელი ღმერთებიდან”

ოთხშაბათის დასახელება გერმანიკული ენების ნაწილში ოდინიდან მომდინარეობს და ოდინის დღედ ითარგმნება, ხუთშაბათი კი თორის დღეა. უენზდეი შედოუს სამსახურს სთავაზობს, რომელსაც გმირი მცირე ყოყმანის შემდეგ დათანხმდება. შედოუ ვენზდეისთან ერთად ქვეყნის გარშემო მოგზაურობას იწყებს, ახალი დამსაქმებლის პრობლემის მოსაგვარებლად. უენზდეის პრობლემა კი უჩვეულოა – ის საკუთარი მოდგმის გადასარჩენად იბრძვის, რადგან ძველი ღმერთები, რომლებიც შტატებში პირველ იმიგრანტებს ჩაჰყვნენ, ახალმა ღვთაებებმა ჩაანაცვლეს. ამერიკას ახალი ღმერთები ჰყავს, მედია, ტექნოლოგიები და სხვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა ომი კულტურული ტრადიციების შენარჩუნებისკენ,  ასიმილაციის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა კი ჯერ კიდევ აქტუალურ, იმიგრაციის თემის შუაგულში ვითარდება.

როგორც, უცხოურ გამოცემები წერენ, სერიალის პილოტი ვიკინგების გამოჩენით იწყება, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს მიადგნენ, საკუთარი ღმერთებისთვის შესაწირად მსხვერპლის ძიებაში იმის იმედით, რომ ოდინი მიიღებს მათ ძღვენს და ვიკინგების რაზმს ზურგის ქარით დააჯილდოვებს. შემდეგი სცენა კი “სამეფო კარის თამაშებს” მოგაგონებთ, დასვრილი, წვერიანი, ბეწვით შემოსილი კაცები, ძალადობა და ხოცვა-ჟლეტა. ამის შემდეგ კი ყველაფერს ვიკინგების სისხლი ფარავს.  ამ სცენაში კარგად ჩანს, რომ სერიალის ერთ-ერთი ავტორი სწორედ ბრაიან ფულერია. ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანიბალის ამბავი ახალ სიმაღლეზე აიყვანა, სერიალში განსაკუთრებული ესთეტიკის შექმნით.

მას შემდეგ, რაც ვიკინგებმა საკუთარი ღმერთი დააკმაყოფილეს, სიუჟეტი წიგნის სამყაროში ბრუნდება. შედოუ ციხიდან გათავისუფლებას ელის, ერთ ცუდ ამბავს კი მეორე მოჰყვება. სიუჟეტი მაყურებელს მთავარ გმირს აცნობს. შადოუ სერიალშიც, წიგნის მსგავსად, ბევრი ლაყბობით არ გამოირჩევა. ისინი, ვინც სერიალის პირველი ორი სერია უკვე იხილეს, მსახიობების შესანიშნავ შესრულებასაც უსვამენ ხაზს. ამ ყველაფერს კი იდეალურად შერჩეული ადგილები ერთვის თან. ერთ-ერთ ეპიზოდში, შედოუ ცოლის დაღუპვით გამოწვეულ გულისტიკივილს ცარიელი, ამერიკული ლანდშაფტის ფონზე ებრძვის, მაყურებელი ზუსტად გრძნობს ნილ გეიმანის ჩანაფიქრს, რაც ისევ რეჟისორების უნარზე მიუთითებს – შექმნან ავტორის მიერ ჩაფიქრებული ატმოსფერო.

"ამერიკელი ღმერთების" ოფიციალური პოსტერი.

“ამერიკელი ღმერთების” ოფიციალური პოსტერი.

პოლიტიკური კონტექსტი

რიკი ვიტლი, რომელიც სერიალში შედოუს როლს ასრულებს, მიმზიდველ პროტაგონისტს ქმნის, რომელიც ტრამპის ამერიკაში აქტუალობას იძენს. გეიმანის რომანში შედოუს შერეული წარმომავლობისაა. პირველ სეზონში სიუჟეტი მაყურებელს სხვადასხვა კულტურული გამოცდილების მქონე პერსონაჟებს აცნობს. აქ შეხვდებით მექსიკელებს, რომლებიც ჩრდილოეთისკენ მიიწევენ, ახლოაღმოსავლელ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ადგილს ეძებენ, ამერიკაში დამკვიდრებულ სლავებს. მათი ჩამონათვალი ამით არ სრულდება. ყველა მათგანი ახალ სამყაროში თავის გადარჩენას ცდილობს, არადა,  გეიმანის “ამერიკელი ღმერთების”, რომელიც 2001 წელს გამოიცა, ეკრანიზაცია 2014 წელს გადაწყდა. შესაბამისად, ამბის პოლიტიკურ კონტექსტზე მაშინ არ უფიქრიათ.
“ჩვენი პირველი ამოცანაა შევქმნათ ისეთი შოუ, რომლის ნახვა სურს მაყურებელს, მაგრამ ეს აბსოლუტურად განსხვავებული შოუა იმისგან, რასაც ვგეგმავდით ამერიკის პოლიტიკური კლიმატის წყალობით.  ახლა ვყვებით ამბებს მასობრივ იმიგრაციაზე იმის ფონზე, როდესაც  იმიგრანტებს გმობენ.  ახლა გვაქვს უცნაური ახალი პლატფორმა საუბრის წარმართვის განსხვავებული სტილით” – თქვა შოუს ერთ-ერთმა ავტორმა ბრაიან ფულერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი