ახალი ამბები

საფრთხე, რომელიც ახალ წელს ახლავს

26 დეკემბერი, 2012 • 3145
საფრთხე, რომელიც ახალ წელს ახლავს

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მაშხალების შემთხვევითი აფეთქების ან არასწორად გამოყენების გამო ათობით მოზარდი საავადმყოფოში ხვდება, საქართველოში კვლავ არ არსებობს პიროტექნიკის რეალიზაციის მარეგულირებელი ორგანო.

როგორც მომხმარებელთა ფედერაციის დირექტორი მადონა კოიძე აცხადებს,  საახალწლო მაშხალების რეალიზაციასთან დაკავშირებით ყოველი წელს ერთსა და იმავე პრობლემას აწყდება:

“წინა წლებთან შედარებით არანაირი ცვლილებები არ არის, ისევ ისე შემოდის საახალწლო მაშხალები ბაზარზე, ისევ ხდება რეალიზაცია მცირე ასაკის ბავშვებზე და ისევ არსებობს ძალიან მაღალი რისკი იმის, რომ ვინმეს ჯანმრთელობა დაზიანდეს”, – აცხადებს მადონა კოიძე. მისი თქმით, მაშხალების გაყიდვისას რამდენიმე საკითხია დასარეგულირებელი:

“პირველ რიგში, არ უნდა ხდებოდეს 18 წლამდე ასაკის პირებზე მსგავსი პროდუქტის მიყიდვა, უნდა არსებობდეს შეზღუდვები. პრობლემაა ისიც, რომ ქართულენოვანი ეტიკეტი ხშირ შემთხვევაში არ არის სხვადასხვა სახის შუშხუნებზე. გარდა ამისა, პროდუქტის რეალიზაციამდე დაცული უნდა იყოს შენახვის პირობები”, – აცხადებს მადონა კოიძე.

მომხმარებელთა ფედერაციის დირექტორის განცხადებით, დაუშვებელია საახალწლო შუშხუნების ნესტიან ადგილზე დაწყობა, რადგან დანესტილი მაშხალები ხშირ შემთხვევაში ფუჭდება და ცეცხლის მოკიდების შემდეგ ან ზედმეტად ადრე, ან ზედმეტად გვიან, ან საერთოდ აღარ ფეთქდება.


როგორც გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმი გოგი ჩახუნაშვილი აცხადებს, კლინიკაში ყოველწლიურად არაერთი პაციენტი მიდის. მათი უმეტესობა სხვადასხვა ტიპის დაზიანებას ვადაგასული ან დაზიანებული მაშხალის გასროლის შედეგად იღებს:

“ამ დღეებში ჯერ არ მოუყვანიათ, მაგრამ ახალი წლის დღეებში არის ხოლმე. წინა წლებში საკმაოდ რთული შემთხვევები გვქონდა. ძირითადად, პაციენტები შემოდიან ხოლმე 31–ში და 1–ში და მერე, შედარებით ნაკლები, ძველით ახალი წლისთვის. შარშან იყო შემთხვევა – ხელში აუფეთქდა ბავშვს და ხელის მტევანი სერიოზულად დაუზიანდა. ყველაზე რთული შემთხვევაა ხოლმე, როცა სახეში ხვდებათ. წლების წინ იყო რამდენიმე საკმაოდ მძიმე შემთხვევა. ერთ ბავშვს, რომელიც გორიდან ჩამოიყვანეს, სახე და თვალი დაუზიანდა. ძირითადად, ყვებიან ხოლმე, რომ მაშხალა იყო ძველი, ჯერ არ ისვრის და შემდეგ ხელში ფეთქდება, ან ჩახედავენ ხოლმე ბავშვები, როცა არ გაისვრის, ხანდახან გადააგდებენ და რომ არ აფეთქდება, ისევ ხელში იღებენ”, – აცხადებს გოგი ჩახუნაშვილი.

თვალის დაზიანები მრავალ შემთხვევას იხსენებს შეროზიას თვალის კლინიკის ხელმძღვანელი მანანა შეროზიაც:

“ჩემთანაც და სხვაგანაც, რამდენიც გინდათ, იმდენია ასეთი შემთხვევები, ძირითადად, დამწვრობა აქვთ ხოლმე ნაპერწკლისგან გამოწვეული, რაც ბავშვებისთვის განსაკუთრებით საზიანოა. ნაპერწკლის თვალში მოხვედრა თავიდან ტკივილს იწვევს, მაგრამ შემდეგ თვალის სხვადასხვა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია მაშინ, თუ თავდაპირველად ყურადღებას არ მიაქცევენ, რადგან შემდეგ შეიძლება რაიმე ინფექციაც დაერთოს. წელს უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, მაგრამ ძირითადი მომართვიანობა, რა თქმა უნდა, ახალი წლის შემდეგ არის ხოლმე”, – აღნიშნავს მანანა შეროზია.

საახალწლო მაშხალების რაოდენობა და მრავალფეროვნება ყოველწლიურად იზრდება. მაშხალები საქართველოში ძირითადად ჩინეთიდან შემოაქვთ.

მაშხალები დიდი რაოდენობით იყიდება დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათი ფასი 20 თეთრიდან იწყება და ფოიერვერკების ფასი 100 ლარამდე ადის.

როგორც გამყიდველები აცხადებენ, ახლად შემოსულ მაშხალებს ქართული წარწერები აქვს მიკრული, თუმცა ბაზარზე წინა წლებში დარჩენილი საქონელიც გამოაქვთ. მათივე თქმით, მაშხალები ყველა ასაკის მომხმარებელზე იყიდება, რადგან მათთვის შეზღუდვები არავის დაუწესებია:

“პატარა ასაფეთქებლებს, ძირითადად, ბავშვები ყიდულობენ, სკოლის მოსწავლეები, ასეთები ახალ წლამდეც გვქონდა. ახლა დიდებიც დავამატეთ, იყიდება, მაგრამ იმდენი არა, ხვალ–ზეგ უფრო მეტი გაიყიდება, ალბათ”, – აცხადებს ერთ–ერთი გამყიდველი. მისი თქმით, მოვაჭრეების ნაწილს ასაფეთქებლები ღამით სახლში მიაქვთ, თუმცა, ვისაც ბევრი საქონელი აქვს, საწყობებში ტოვებენ. გამყიდველების განცხადებით, მაშხალები საწყობში სინესტისგან დაცული არაა, ხოლო ხანდახან დღის განმავლობაშიც სველდება, რადგან წელიწადის ამ დროს წვიმა და თოვლი ხშირია.

ექიმები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, მაშხალების შეძენა ბავშვებს არ მიანდონ, ხოლო თავად დეტალურად გაეცნონ გამოყენების წესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი