ახალი ამბებისამართალი

ბავშვის საუკეთესო ინტერესი – სტრასბურგისა და ქართული სასამართლოების განსხვავებული ვერდიქტები

2 აპრილი, 2017 • 6037
ბავშვის საუკეთესო ინტერესი – სტრასბურგისა და ქართული სასამართლოების განსხვავებული ვერდიქტები

სტრასბურგის სასამართლომ, გარდაცვლილი დედის ოჯახის სარჩელის საფუძველზე, საქართველოს ბავშვების მიმართ ოჯახური და პირდი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევა დაუდგინა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნულმა სასამართლოებმა ისე მიაკუთვნეს ბავშები მშობელს – მამას, რომ არ გაითვალისწინეს ბავშვების სურვილი და მათი საუკეთესო ინტერესი. იმაზე, თუ რა იყო ბავშების საუკეთესო ინტერესი – ეროვნულმა სასამართლოებმა და სტრასბურგმა განსხვავებულად იმსჯელეს.

ამ საქმეზე სტრასბურგმა გადაწყვეტილება 2016 წელს მიიღო.

საქმის გარემოებების თანახმად, 2009 წელს ბავშვების დედა გარდაიცვალა და არასრულწლოვნები დედის ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად. 2010 წელს მამამ ბავშვების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. საბოლოოდ, სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის სახლი განისაზღვრა. მიუხედავად ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილებისა, ის ვერ აღსრულდა, რადგან ბავშვებს მამასთან ცხოვრება არ სურდათ და აღსრულების ბიუროს წარმომადგენელს მამასთან არ გაჰყვნენ.

ბავშების დეიდამ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. იგი დავობდა, რომ სახელმწიფომ უგულებელყო ბავშვების საუკეთესო ინტერესები და დაარღვია მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა საქმე წარმოებაში მიიღო, საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები ჩაერთნენ.

როგორც საიას იურისტი, შორენა ლოლაძე გვეუბნება, ეროვნულმა სასამართლოებმა საქმეში სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ჩართეს. როგორც იურისტი განმარტავს, მსგავსი ტიპის საქმეებში, სასამართლო მათ აუცილებლად რთავს, რათა სოციალური მუშაკი გაესაუბროს ორივე დაპირისპირებულ მხარეს და მიიღოს იმ ფაქტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებას გაუმარტივებს.

“სოციალურმა მუშაკმა ამ შემთხვევაში მიიჩნია, რომ ბავშების საცხოვრებელი ადგილი უნდა ყოფილიყო მამის სახლი, თუმცა, სტრასბურგის გადაწყვეტილების მოტივაცია ეყრდნობოდა იმას, რომ მსგავსი ტიპის დასკვნების მომზადების დროს აუცილებელია, სოციალურმა მუშაკმა მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ საცხოვრებელი პირობები, არამედ, ბავშვების სურვილები, როდესაც მეტ-ნაკლებად ხედავენ, რომ ეს სურვილი არის ჩამოყალიბებული და იძულების, ან შიშის მომენტები ბავშვებს არ აქვთ,”- განმარტავს შორენა ლოლაძე.

ამ საქმე ასევე იყო ჩართული საიას იურისტი თამარ აბაზაძეც. როგორც ის გვეუბნება, ეროვნულმა სასამართლოებმა პირდაპირ, ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე მიაკუთვნეს ბავშვები მამას, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს არ სურდათ მამასთან ცხოვრება და მასთან კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდათ:

“თუნდაც, მათ შეეძლოთ შუალედური გადაწყეტილება გამოეტანათ, დაენიშნათ რაღაც პერიოდი, რა პერიოდშიც მხარეებს მიეცემოდათ საშუალება, ამ პერიოდის განმავლობაში, ბავშვებს ჰქონოდათ ურთიერთობა მამასთან, რომ მიჩვეოდნენ მამას, კარგად გაცნობოდნენ და ა.შ. ამ კონფრონტაციულ პირობებშიც კი, სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ბავშვების ინტერესი და პირდაპირ მიაკუთვნა ბავშვები მამას, ანუ, საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ აღსრულება რომ მომხდარიყო, ბავშვებს უნდა ეცხოვრათ მამასთან. პირდაპირ, უხეშად, უნდა აეღოთ და მამისთვის გადაეცათ ბავშვები,”- ამბობს იურისტი თამარ აბაზაძე.

სტრასბურგის სასამართლო ამ პროცესში სოციალური მომსახურების სააგენტოს როლთან დაკავშირებით მთელ რიგ ხარვეზებზე საუბრობს:

“… სოციალური მომსახურების სააგენტომ და მისმა შესაბამისმა რაიონულმა განყოფილებამ მიიღო „დაინტერესებული მხარის“ სტატუსი. თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს რაიმე დებულებას “დაინტერესებული მხარის” სტატუსთან და/ან მის შემდგომ საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გაურკვეველი რჩება, თუ როგორ შეძლო სოციალური მომსახურების სააგენტომ ეფექტურად წარმოედგინა ბავშვების ინტერესები, როცა მას არ გააჩნდა ფორმალური პროცედურული როლი ამ საქმეში.

ზემოთ თქმულს სასამართლო მიჰყავს მეორე საკითხამდე. ბავშვების ინტერესების წარდგენის მიზნით მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მისი შესაბამისი რაიონული განყოფილების დანიშვნა, სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1200-ის § 2–ის შესაბამისად. მაგრამ ისევ გაურკვეველი რჩება, თუ ზუსტად რას გულისხმობს წარმომადგენლობის ეს ტიპი.

არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც სოციალური მომსახურების სააგენტოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ განმარტავს ზემოთ მოცემული სქემის ფარგლებში დანიშნული წარმომადგენლის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. პრაქტიკულად, სამართალწარმოების ორ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა წარმომადგენელი [ბავშვებს] მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხვდა ერთადერთი მიზნით, მოემზადებინათ რამდენიმე ანგარიში [ბავშვების] საცხოვრებელ პირობებთან და მათ ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. [ბავშვების] მონიტორინგისა და მათთან სანდო ურთიერთობის დამყარების მიზნით ადგილი არ ჰქონია რეგულარულ და ხშირ კონტაქტს [ბავშვებთან],”- ვკითხულობთ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.

ეროვნულ სასამართლოებში, არცერთი ინსტანციის სასამართლოს არცერთი ბავშვი არ გამოუკითხავთ, შესაბამისად, სასამართლოს ბავშვების აზრი არ მოუსმენია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი ვკითხულობთ, რომ სასამართლოებმა სათანადო მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ ბავშვების შეხედულებებს და გრძნობებს, ისევე, როგორც მათ უფლებას, პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას.

“ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების (ბავშვების თავიანთ მამასთან დაბრუნება) ორი ძირითადი მიზეზი იყო: პირველი, მათ საუკეთესო ინტერესებში იყო, რომ დაბრუნებოდნენ თავიანთ მამას და მეორე, დედისეული ოჯახი უარყოფით გავლენას ახდენდა [ბავშვებზე]. სასამართლო იზიარებს ეროვნული სასამართლოების ზემოთ მოცემულ მოტივაციას. მართლაც, მშობლისა და შვილის ერთმანეთთან ყოფნით მიღებული სიამოვნება წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს და ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს მათთვის სრულყოფილ და ჰარმონიულ გარემოში განვითარების საშუალების მიცემა.

თუმცა, საუკეთესო ინტერესების საკუთარი შეფასებისას, ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე ადეკვატური ყურადღების მიმართვა: [ბავშვებს] არ უნდოდათ თავიანთ მამასთან დაბრუნება. ამ მიმართებით, სასამართლო ეხება რამდენიმე ანგარიშს, რომელიც ადგენს, რომ დედისეული ოჯახის ნეგატიური დამოკიდებულება მამის მიმართ წარმოადგენდა [ბავშვების] მამასთან ურთიერთობის ჩამოყალიბების ფაქტორს. მაგრამ, რაც უნდა მანიპულაციური როლი ეთამაშა დედის ოჯახს, ეროვნული სასამართლოებისათვის წარდგენილი მტკიცებულება, მამის მიმართ ბავშვების მტრულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ცალსახა იყო.

… სასამართლოს აზრით, არაჯეროვანმა წარმომადგენლობამ და შედეგად [ბავშვების] შეხედულებების სათანადოდ წარდგენასა და მოსმენაში წარუმატებლობამ შეარყია არსებულ საქმეში გადაწყვეტილების მიღების პროცესის პროცედურული სამართლიანობა; რაც კიდევ უფრო გამძაფრდა [ბავშვების] საუკეთესო ინტერესების არაადეკვატური და ცალმხრივი შეფასებით, სადაც მათი ემოციური მდგომარეობა უბრალოდ იგნორირებული იქნა. ზემოთ ხსენებულის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლში განსაზღვრული [ბავშვების] უფლების – პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას,”- წერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს ბავშების დეიდის ოჯახისთვის ჯამში 10 900 ევროს გადახდა დააკისრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი