“დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისში ამ ფაქტებთან დაკავშირებული საქმის პირველადი შესწავლა მიმდინარეობს. პირველადი შესწავლის შედეგად უნდა გაირკვეს, დაიწყება თუ არა გამოძიება, რის შესახებ გადაწყვეტილებაც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა უნდა მიიღოს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოში მიმდინარე გამოძიების შესახებ ბოლო ინფორმაცია შემოდგომის დასაწყისში მიაწოდა. აღნიშნული ინფორმაცია 2012 წლის 27 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც აისახა”,– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტრო მთავარ პროკურატურასთან ერთად გააგრძელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი ფაქტების სრულფასოვან გამოძიებას, რისთვისაც საგამოძიებო ჯგუფის გაფართოებასა და გაძლიერებას გეგმავს.
