ახალი ამბები

სააკაშვილის საჩივრები სტრასბურგში გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე

4 მაისი, 2021 • 3493
სააკაშვილის საჩივრები სტრასბურგში გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ორი საჩივარი. საქმე ეხება ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულთა შეწყალების საქმეებს, რომლებზეც ექს-პრეზიდენტის მიმართ საქართველოში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი:

  • მე-6 მუხლი — საქმის სამართლიანი განხილვის უფლება;
  • მე-7 მუხლი — არავითარი სასჯელი კანონის გარეშე;
  • მე-18 მუხლი — უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ორი განაჩენი გასულ წელს გავასაჩივრეთ, მიღებულია წარმოებაში და საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცედურების მიხედვით, რამდენადაც ვიცი, ამ მომენტისთვის სტრასბურგის სასამართლო უკვე კომუნიკაციაშია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროში “ნეტგაზეთს” არ უპასუხეს, ნამდვილად მიიღო თუ არა სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში ექს-პრეზიდენტის საჩივრები, თუმცა დაადასტურეს, რომ სტრასბურგის სასამართლომ უწყებას კითხვებით მიმართა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ის საქმეში მოპასუხე მხარეა, სასამართლოსთან შემდგარი კომუნიკაცია კი საქმის მასალების ნაწილია, რომელსაც ვერ გაასაჯაროებს.

ვალერი გელაშვილის საქმე

საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრ ვალერი გელაშვილს 2005 წლის 15 ივლისს თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე თავს დაესხნენ — იარაღის კონდახებით სცემეს და ფული, ძვირადღირებული ბეჭედი და ცეცხლსასროლი იარაღი წაართვეს. აღნიშნულს წინ უძღოდა გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ; ასევე, შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა პრეზიდენტისა და პირველი ლედის პირადი ცხოვრების შესახებ.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ვალერი გელაშვილს პრეზიდენტის დავალებით გაუსწორდნენ. გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, ჯერ — თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, მისგან უარის მიღების შემდეგ კი, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს დაავალა გელაშვილის მიმართ ანგარიშსწორება.

პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი საქმეზე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაშიც გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 31 ივლისს საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ექს-პრეზიდენტს ვალერი გელაშვილის საქმეზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია, ასევე, შს ყოფილი მინისტრ ვანო მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის, გ.ს-ს მიმართ.

გირგვლიანის საქმე

მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების თანახმად, 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებს: გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დარჩა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გირგვლიანის საქმე განხილული აქვს. სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას “აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა”. საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი სწორედ გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განახლებული გამოძიების ფარგლებში წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი