ახალი ამბები

მამუკა ქაცარავა: ბიბლიოთეკების მერიისთვის გადმოცემა რეორგანიზაციას გულისხმობს

17 დეკემბერი, 2012 • 1393
მამუკა ქაცარავა: ბიბლიოთეკების მერიისთვის გადმოცემა რეორგანიზაციას გულისხმობს

მამუკა ქაცარავა მერიის წინ შეკრებილ ხალხს შეხვდა, რომლებიც ბიბლიოთეკების შესაძლო დახურვას აპროტესტებდნენ.

 

როგორც მამუკა ქაცარავა აცხადებს, აქამდე  “თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბალანსზე იყო, თუმცა მის დაფინანსებას და ინვენტარიზაციას ქალაქ თბილისის მერია ახდენდა, ამიტომ მერიამ სამინისტროს თხოვნით მიმართა, აღნიშნული ბიბლიოთეკის გადაცემასთან დაკავშირებით:

 

“ბიბლიოთეკები დაფუძნებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, ჩვენ მივწერეთ სამინისტროს, რომ მომხდარიყო სსიპ “თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის” მერიაზე გადმოცემა, მაგრამ ეს პროცედურა ვერ განხორციელდება იურიდიულად ლიკვიდაციის გარეშე. ტერმინი ლიკვიდაცია იურიდიული თვალსაზრისით იყო ნახმარი და არა ის, რომ მოხდება ბიბლიოთეკების ლიკვიდაცია. როდესაც გადმოცემაზეა საუბარი, თავისთავად ეს რეორგანიზაციას გულისხმობს”, – განაცხადა მამუკა ქაცარავამ. მან ბიბლიოთეკის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ე.წ. მედიათეკების შექმნა ბიბლიოთეკის არსებობას საფრთხეს არ უქმნის:

 

“ჩვენ ახალ მედიათეკებს ვქმნით, ეს ჩვენ დავიწყეთ უცხოელ კოლეგებთან რეკომენდაციის და კონსულტაციის შემდეგ, ეს არის ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც ასევე აუცილებელია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ვაკეში უკვე მომავალ წელს გაიხსნება, სავარაუდოდ, მედიათეკა და შემდგომშიც თბილისის ყველა რაიონულ ცენტრში გაიხსნება მედიათეკა, თუმცა ჩანაცვლება არ მოხდება, ბიბლიოთეკას თავისი დატვირთვა აქვს”, – აღნიშნა ქაცარავამ.

 

“თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის” თანამშრომლებმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებოდათ, რამდენიმე დღის წინ ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ციალა კალმახელიძემ მიაწოდა:

 

“ეს ინფორმაცია ჩვენ პარასკევს, საღამოს მივიღეთ ჩვენი დირექტორისგან, რომ ქალაქში ჩვენი 40–ზე მეტი ფილიალია და აქედან 10 ფილიალი შეიძლება დარჩეს, რადგან იქმნება თანამედროვე მედიათეკები. ჩვენ მედიათეკის შექმნის და პროგრესის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მედიათეკასთან ერთად უნდა იარსებობს ბიბლიოთეკამაც, მე 44 წლის სტაჟი მაქვს და ბიბლიოთეკის გარდა ერთი დღე არსად არ მიმუშავია, ისედაც მიზერული ხელფასის გარეშე დარჩენის საფრთხე დაგვემუქრა”, – აცხადებს ბიბლიოთეკის ერთ–ერთი თანამშრომელი მანონი ხორავა.

 

თანამშრომლები დღეს, 17 დეკემბერს, ტოვსტონოგოვის 2–ში მდებარე ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მერიის წინ გადაინაცვლეს, სადაც მათ მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი შეხვდათ:

 

“დღეს ბატონმა მამუკამ გვითხრა, რომ ყველა თანამშრომელს და დირექტორს შეუნარჩუნდება სამსახური, ამ წუთში ეს პასუხი გვითხრეს და თუ არ იქნება ასე მივმართავთ სხვა გზას”, – განაცხადა მაია გარსენიშვილმა, რომელიც რამდენიმე სხვა წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა მამუკა ქაცარავასთან შეხვედრაზე.

 

მამუკა ქაცარავასთან შეხვედრის შემდეგ მერიის წინ აქცია დაიშალა, თუმცა ბიბლიოთეკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ეჭვი საფუძველს მოკლებული არ ყოფილა. მათი თქმით, ამას ადასტურებს ისიც, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმე დღის წინ წიგნის მნიშვნელობაზე იქადაგა. თანამშრომელთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ბიბლიოთეკებს საფრთხე ემუქრება და ამის შესახებ პატრიარქიც ინფორმირებულია, რომელიც ცდილობს ქადაგებით ხალხის ყურადღება ამ საკითხისკენ მიმართოს. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი