“ეს იქნება ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, ჩვენ არ ველით რაღაც მოვლენებს და ძვრებს, ეს შეხვედრა არავითარ შემთხვევაში არ იქნება ჟენევის პროცესის ალტერნატივა. საქმე იმაშია, რომ ეს შეხვედრა შედგა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ეს ნიშნავს იმას, რომ მხარეები რჩებიან თავთავიანთ პოზიციაზე ყველაზე ცენტრალურ საკითხზე, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ეს ჩვენი მხრიდან არის ურყევი პოზიცია საქართველოს ხელისუფლების და სანამ რუსეთის პოზიცია ასეთივე ურყევი იქნება, ბუნებრივია ამ ძირითადი პრობლემის მოგვარებას არ უნდა ველოდოთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით შეხვედრაზე სავარაუდოდ გაგრძელდება საუბარი ქვეყნებს შორის სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო უწყების მეორე პირს, გრიგორი კარასინს დღეს შეხვდება.

