ახალი ამბები

რა ქონებას ფლობენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები

14 დეკემბერი, 2012 • 2063
რა ქონებას ფლობენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები

მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ვიქტორ ჯაფარიძე და მისი მეუღლე თბილისში ორ ბინას (136 კვ.მ და 42 კვ.მ), კერძო სახლსა (137 კვ.მ) და მიწის ნაკვეთებს (1100 კვ.მ) ფლობენ, ასევე, სახლი (74 კვ.მ) აქვთ ოქროყანასა და მესტიაში (251 კვ.მ), მიწის ნაკვეთები (5993 კვ.მ) მესტიაში.

 

ჯაფარიძისა ცოლისა და შვილის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანები – “პასატი” და “ლექსუსი”. ასევე, ცოლი ფლობს აქციების წილს კომპანიაში “ქცია-94”, საიდანაც გასულ წელს შემოსავლის სახით მიიღო 151 397 ლარი. ამავე კომპანიის კონსულტანტად მუშაობისთვის კი გასულ წელს ვიქტორ ჯაფარიძემ 73 800 ლარი მიიღო ანაზღაურების სახით. მანამდე ის მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, რისთვისაც ხელფასის სახით 7 800 ლარი აქვს მიღებული. დეკლარაციის მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს ფულად თანხას 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობით.

 

კიდევ ერთი სოლიდური ქონების მფლობელი დეპუტატი უმრავლესობიდან, რომლებმაც უკვე შეავსეს დეკლატრაცია, გიგლა აგულაშვილია – “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. აგულაშვილის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთები – წავკისში (1000 კვ.მ), თბილისში (336 კვ.მ), საგარეჯოში (5000-ზე მეტი); სახლი – თბილისში (83კვ.მ), არასაცხოვრებელი ფართები, ასევე, თბილისში.

 

გიგლა აგულაშვილი და მისი მეუღლე ფლობენ მსუბუქ ავტომანქანებს – “მიცუბიში პაჯერო” და “სუზუკი”. არიან პარტნიორები კომპანიებში – “მწვანე კალათა” და “პოლიტტექნოლოგიების ლაბორატორია”.

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გასულ წელს ანაზღაურების სახით, როგორც რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელ მდივანს მიღებული აქვს 27 000 ლარი, ხოლო როგორც საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის  ლექტორს – 2525 ლარი. გიგლა აგულაშვილი ნაღდი ფულით ფლობს 10 ათას ლარს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევს – პაატა კვიჟინაძეს აქვს ორი ბინა აქვს მოსკოვში, ასევე, მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ სოფელში. რუსულ “სბერბანკში” კვიჟინაძეს 20 ათასი დოლარი აქვს ანგარიშზე. მისი ოჯახი მიწის ნაკვეთებს ფლობს საჩხერეში და  თბილისში, ასევე, მშენებარე ფართებს – თბილისში. კვიჟინიძის მეუღლის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა “ტოიოტა პრადო”. სამუშაოს დასახელება, საიდანაც ანაზღუარება მიიღო პაატა კვიჟინაძემ ან მისმა მეუღლემ, დეკლარაციაში მითითებული არ არის.

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის – ივანე კიღურაძის ოჯახის საკუთრებაშია ბინა თბილისში, აგარაკი წაღვერში, მიწის ნაკვეთები ბორჯომსა და თბილისში. 

 

კიღურაძეს, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრს გასულ წელს მიღებული აქვს 22 656 ლარი; როგორც ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგეს – 3000 ლარი. მას ბიძინა ივანიშვილის “ქართუ” გასულ წელს 12 000 ლარით დაეხმარა, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან მიიღო  გრანტი – 9000 ლარის ოდენობით.

 

დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის იურიდიულ საკიხთა კომიტეტის თავმჯდომარის –  ვახტანგ ხმალაძის გასული წლის შემოსავლები ასე გამოიყურება: როგორც გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტმა და კონსულტანტმა 14 781 ლარი და 8 628 დოლარი გამოიმუშავა; “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიდან“ – 8 300 ლარი. ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ“ ხმალაძეს, როგორც ექსპერტს 2 132 ლარი გადაუხადა. ხმალაძეს სხვა სახის სამუშაოებისთვისაც აქვს გასულ წელს ანაზღაურება მიღებული, მაგალითად, გრანტის სახით 4 399 ლარი.

 

პარლამენტის იურიდიულ საკიხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოჯახის საკუთრებაშია ბინა და მიწის ნაკვეთი თბილისში, მანქანა “სუძუკი გრანდ ვიტარა”; ნაღდი ფული – 6000 ლარი. ვახტანგ ხმალაძე არის შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის“ პარტნიორი, ხოლო მისი შვილი – შპს „ფოთეითო სთოფ“-ის პარტნიორი.

 

ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია და მისი მეუღლე ფლობენ ბინებს თბილისში (პეკინზე და იოსებიძეზე); მიწის ნაკვეთს – კახეთში, ბაკურციხეში; ავტომანქანა “კია სოვენტო”.

 

ქანთარიას, როგორც შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახ. უნივერსიტეტის სრული პროფესორს გასულ წელს მიღებული აქვს 12 000 ლარი, ქველმოქმედების სახით – 10 000 ლარი. ქანთარია ფლობს ნაღდ ფულს 9 000 ლარის ოდენობით.

 

ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს, დეკლარაციის მიხედვით, საკუთარ სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნია: მის ძმას აქვს ბინა ბორჯომში, ხოლო დედას – თბილისში. სამაგიეროდ, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება გედევან ფოფხაძის ფულადი შემოსავლები გასულ წელს: როგორც “კ.ს. ტარიელ შავიშვილი და იურიდიული კომპანია ატორნეის” ადვოკატს, მიღებული აქვს 38 550 ლარი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს დეპოზიტზე უდევს 11 095 აშშ დოლარი, ხოლო სახელფასო ანგარიშზე – 4 381 ლარი. ასევე, აქვს ფულადი თანხა 12 ათასი ლარის ოდენობით.

 

ლევან ბერძენიშვილს, დეკლარაციის მიხედვით, აქვს სახლი და მიწის ნაკვეთი თბილისში, ავტომანქანა “ჰონდა”. რაც შეეხება მის შემოსავლებს, გასულ წელს, მან, როგორც  საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის სრულმა პროფესორმა – 7200 ლარი მიიღო; როგორც კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა – 6000 ლარი; ხოლო როგორც “რესპუბლიკური ინსტიტუტის” თავმჯდომარემ – 14 400 ლარი.

 

დეკლარაციის მიხდევით, არანაირი შემოსავალი არ მიუღია გასულ წელს დეპუტატ დავით ბერძენიშვილს. მის საკუთრებაში მხოლოდ ერთი ბინა (95 კვ.მ) თბილისში. 

 

დავით ბერძენიშვილის მსგავსად, უმრავლესობაში კიდევ სხვა დეპუტატებიც არიან, რომლებსაც, დეკლარაციის მიხედვით, შარშან არსაიდან არანაირი ანაზღაურება არ ჰქონიათ. ასეთია, მაგალითად, დეპუტატი რუსლან პოღოსიანი, რომელიც სახლის 33%-ან წილს ფლობს თბილისში. დეკლარაციის მიხედვით, ერთადერთი შემოსავლის მქონე მის ოჯახში შარშან იყო მისი ძმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანია “ელიტა ბურჯში” მძღოლად მუშაობდა.

 

დეკლარაციის მიხედვით, არანაირი ანაზღაურება არ მიუღია შარშან ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს. შემოსავალი მიღებული აქვს მხოლოდ მის ცოლს – 15 ათასი ლარი, როგორც ქართულ-ბრიტანული სანავთობო კომპანიის იურისტს. ასევე, მისი მეუღლე ფლობს ფულად თანხას 7 000 ლარის ოდენობით. სანიკიძის და მისი მეუღლის საკუთრებაშია სახლი თბილისში და მიწის ნაკვეთი რაჭაში, ასევე – იშვიათი გამოცემები.

 

ფულადი შემოსავალი გასული წლის განმავლობაში არ ჰქონია, დეკლარაციის მიხედვით, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანს, თუმცა სოლიდურად გამოიყურება მისი უძრავი ქონება: სამი ბინა თბილისში, სახლები – მცხეთაში, მესტიასა და წაღვერში.

 

არანაირი ფულადი შემოსავალი არ მიუღია შარშან პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს – მურმან დუმბაძეს, რომელიც ფლობს სახლსა და მიწის ნაკვეთს ხელვაჩაურში. მისი შვილი – მუხრან დუმბაძე ფლობს ფულად თანხას 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, მას, როგორც შორეული ნაოსნობის ოფიცერსა და კაპიტნის მეორე თანაშემწეს გასულ წელს ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 18 ათასი აშშ დოლარი.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს და ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს ვიქტორ დოლიძეს, დეკლარაციის მიხედვით, სახლი და მიწის ნაკვეთი მხოლოდ ჩოხატაურში გააჩნია. დეკლარაციის შესაბამისად, მას შარშან რაიმე ტიპის ფულადი შემოსავალი არ მიუღია.

 

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი დეკლარაციაში მიუთითებს, რომ მამამისის სახელზე ირიცხება ბინა (130 კვ.მ) თბილისში. მას, როგორც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თაეტრის მსახიობს გასულ წელს 21 600 ლარი აქვს მიღებული ანაზღაურების სახით, ქველმოქმედებიდან – 5 760 ლარი.

 

კიდევ ერთი მსახიობი, რომელიც პარლამენტის წევრი გახდა, პაატა ბარათაშვილი დეკლარაციაში მიუთითებს, რომ ბინა თბილისში მისი ცოლის საკუთრებაშია. მან, როგორც თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობმა გასულ წელს მიიღო 18 000 ლარი ანაზღაურების სახით.

 

ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ ჩხაიძე, დეკლარაციის მიხედვით, ფლობს ბინას (32 კვ.მ) თბილისში. მან, როგორც  შპს “საფეხბურთო კლუბი გაგრას” მწვრთნელმა შარშან 17 ათასი ლარი მიიღო, ხოლო მისმა შვილმა, როგორც  შპს “საფეხბურთო კლუბი “საბურთალოს” მწვრთნელმა – 8 400 ლარი.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დემურ ბაშელეიშვილი, დეკლარაციის მიხედვით, ფლობს ორ ბინასა და ორ საცხოვრებელ სახლს, ასევე, მიწის ნაკვეთს თბილისში. ბაშალეიშვილი ფლობს ფულად თანხას 12 ათას დოლარსა და 2 500 ლარს.

 

კიდევ ერთი დეპუტატი უმრავლესობიდან, რომელმაც ამ დროისთვის შეავსო დეკლარაცია ნინო გოგუაძეა. დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში და მიწის ნაკვეთი სოფელ წყლულეთში, ასევე, მსუბუქი ავტომანქანა “ნისანი”. გოგუაძის მეუღლეს – გიორგი ღლონტს, როგორც “ქეა საერთაშორისო კავკასიაში” პროგრამების მენეჯერს გასულ წელს ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 62 700 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი