ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს თარგამაძის საქმეზე სამართლებრივ დახმარებას თხოვს

13 დეკემბერი, 2012 •
რუსეთი საქართველოს თარგამაძის საქმეზე სამართლებრივ დახმარებას თხოვს

gazeta.ru–ს ცნობით, საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს გივი თარგამაძის კონკრეტულ როლს “ბალოტნაიას მოედანზე” მომხდარ არეულობებში.

 

გამოცემა აქვეყნებს ნაწყვეტს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის პრეს–რელიზიდან, სადაც წერია, რომ მათ გააჩნიათ მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც გივი თარგამაძე ასევე მართავდა რუსული ოპიზიციის ლიდერებს “მილიონიანი მარშისას”. “მილიონიანი მარში” მოსკოვში 6 მაისს გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მესამე ინაუგურაციის წინა დღეს. აქციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.  

 

საგამოძიებო კომიტეტი აქამდე მხოლოდ გივი თარგამაძისა და რუსული ოპოზიციის ფინანსურ კავშირებზე საუბრობდა, თითქოს გივი თარგამაძე აფინანსებდა სერგეი უდალცოვს, ლეონიდ რაზვოზჟაევს და კონსტანტინ ლებედევს. რუსეთში გამოძიება ე.წ. “ლებედევის საქმეზე” მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ხელისუფლების მიერ მართულმა ტელეკომპანია “ენ–ტე–ვე”–მ მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ მოამზადა ფილმი “პროტესტის ანატომია”. ფილმის ერთ–ერთი მთავარი გმირი სწორედ პარლამენტარი გივი თარგამაძე იყო.

გივი თარგამაძე/ფოტო: ალექსანდრე იმედაშვილი, რია ნოვოსტი
გივი თარგამაძე/ფოტო: ალექსანდრე იმედაშვილი, რია ნოვოსტი

მასალების გადაბეჭდვის წესი