ახალი ამბები

ნარმანია საიას კვლევაზე: არსებობს სხვა NGO-ების ალტერნატიული მოსაზრებებიც

21 მარტი, 2017 • 1870
ნარმანია საიას კვლევაზე: არსებობს სხვა NGO-ების ალტერნატიული მოსაზრებებიც

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევას პასუხობს, რომლის თანახმადაც, რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა. ნარმანიას განცხადებით, საიას განცხადება “რეალურ საფუძველსაა” მოკლებული.

“მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სხვა ალტერნატიული მოსაზრებებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ ასე ცალსახად თქმა იმისა, რომ დაირღვა კანონმდებლობა, ჩემი აზრით, რეალურ საფუძველს მოკლებულია. როგორც იცით, ერთი მხრივ, ჩვენ ძალიან სიღრმისეულად ვიცნობთ საკითხს და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ყველაფერი წესებისა და პროცედურების დაცვით გავაკეთეთ. მეორე მხრივ, თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება, მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და გამოძიება თავის სიტყვას იტყვის,” – აცხადებს ნარმანია.

საია პროკურატურას მოუწოდებს, ამ საქმით დაინტერესდეს, ვინაიდან, შესაძლოა, ეს ფაქტი საჯარო მოხელეების მხრიდან დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

საქმე ეხება ზვიად ნაზღაიძისთვის სანდრო ეულის ქუჩაზე 5001 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთისა და 455 800 ლარის თანხის გადაცემას, რაც მთლიანობაში 971 260 ლარს აღწევს, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 1642 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც 2015 წლის ვერეს სტიქიის დროს დაზიანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი