ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ელჩების სანაცვლოდ პატიმრების გათავისუფლება კოჰაბიტაციის კონტექსტში ახსენეს

10 დეკემბერი, 2012 •
ფანჯიკიძე: ელჩების სანაცვლოდ პატიმრების გათავისუფლება კოჰაბიტაციის კონტექსტში ახსენეს

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

“საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ კოჰაბიტაცია ითვალისწინებს გარკვეულ დათმობებს ორივე მხრიდან და ამ კონტექსტში იყო ეს ნახსენები,” – განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

8 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი თვის წინ მიმართა პრეზიდენტს ელჩების შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე – უშედეგოდ:

 

“მე როგორც ვიცი, როდესაც შეახსენეს, მათ მოითხოვეს რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება ციხიდან, სადაც რამდენიმე მათი გუნდის წევრი იხდის პატიმრობას თუ ელოდება სასჯელს და ამის სანაცვლოდ ელჩების დამტკიცება.”

 

ფანჯიკიძის თქმით, შესაცვლელი ელჩების სია გადაეგზავნა უშიშროების საბჭოს მდივანს – გიგა ბოკერიას:

 

“რომელსაც მე პირადად შევხვდი ნოემბრის დასაწყისში. ამ სიაში იყო რამდენიმე ქვეყანა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს და ახალ მთავრობას მიაჩნია, რომ ელჩი უნდა გამოიცვალოს. მათ შორის იყვნენ ის ელჩები, რომელთაც განაცხადეს, რომ არ აპირებენ ახალ  ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობის გამო მიზანშეწონილად მიჩნიათ თანამდებობების დატოვება.”

 

ფანჯიკიძის თქმით, რეაქცია ამაზე საქართველოს პრეზდენტისგან არ ყოფილა:

 

“მე მას ვაშინგტონში გამგზავრებამდე წერილით მივმართე, სადაც ვუთხარი, რომ ეს სია გადაცემულია გიგა ბოკერიასთვის და ველოდებით კონკრეტულ პასუხებს. ქმედებები ჯერჯერობით განხორციელებული არ არის. გამოწვეულია მხოლოდ ერთი ელჩი, კოტე გაბაშვილი, რომელმაც ერთ–ერთმა პირველმა გააკეთა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. სხვა ელჩები გამოწვეულები არ არიან. მე მათი სახელებისა და გვარების დასახელებისაგან თავს ვიკავებ. მოგეხსენებათ, ეს არ არის ცალმხრივი საქმე, აქ არის საუბარი ქვეყნებზე, სადაც ეს ელჩები საქმიანობენ და ამიტომ სანამ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად პრესის საშუალებით ამ ინფორმაციის გაჟღერება,” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

შეგახსენებთ, განცხადებები იმის თაობაზე, რომ  თანამდებობებს დატოვებენ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გააკეთეს საქართველოს ელჩმა აშშ-ში თემურ იაკობაშვილმა და საქართველოს ელჩმა გაეროში – კახა ლომაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი