ახალი ამბები

ალასანია: არ შეიძლება უკონტროლოდ მივუშვათ რომელიმე უწყება

9 დეკემბერი, 2012 • • 1076
ალასანია:  არ შეიძლება უკონტროლოდ მივუშვათ რომელიმე უწყება

“კონკრეტულად რაც შეეხება გასაჯაროებულ ავტომატების საქმეს,  აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი, ბაზრის ფასები კიდევ დადგინდება, დაახლოებით 50 ევროდ ღირებული, უვარგისი ავტომატური იარაღი შეისყიდეს 290 ევროდ, რაზეა ლაპარაკი? რატომ უნდა იყოს  საიდუმლო მოქალაქისთვის, რომ მისი ფულით ნაყიდი 50- ევროიანი იარაღი რატომ იყიდეს 290 ევროდ?

 

რა თქმა უნდა,  ყოფილ ოფიციალურ პირებს ამის გასაჯაროება არ მოეწონებოდათ, მაგრამ ეს არ არის მათი გადასაწყვეტი, ეს არის ხალხის გადასაწყვეტი, რამდენად სწორად იხარჯება ხალხის და ბიუჯეტის ფული.  კიდევ ერთი ფაქტი შესყიდვებთან დაკავშირებით, ეს არ გახლდათ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ მოთხოვნილი შესყიდვა, ეს იყო სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება, არც იყო ბიუჯეტში გათვლილი, ეს კიდევ უფრო ბადებს ეჭვს, რომ იყო წმინდა წყლის კორუფციული გარიგება.  მაგრამ ამ ყველაფერს დაადგენს გამოძიება და საჯარო გახდება საზოგადეობისთვის”– განაცხადა ალასანიამ. 

 

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, სადაც ყოველთვის იქნება საიდუმლო ინფორმაცია, თუმცა გრიფით გასაიდუმლოებული ხელშეკრულებებიც უნდა იყოს საპარლამენტო ნდობის ჯგუფის კონტროლის ქვეშ. 

 

“არ შეიძლება უკონტროლოდ მივუშვათ არც ერთი უწყება. 17 დეკემბრიდან ცნობილი გახდება, რა სტრუქტურულ რეორგანიზაციას ვიწყებთ თავდაცვის სამინისტროში. ჩემი ამოცანაა, თავდაცვის უწყება გახდეს სამაგალითო საჯაროობის და გახსნილობის კუთხით და შეიარაღებული ძალები გახდეს ის უწყება, სადაც სიამაყით იმსახურებს ყველა ახალგაზრა და ყველა ადამიანი.”

 

თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტთან თანამშრომლობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მიუხედავად იდეოლოგიური სხვაობისა, რომელიც მმართველ და ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს, ისინი თანხმდებიან, რომ ჯარი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური თამაშის იარაღი. 

 

“უმრავლესობაც და უმცირესობაც ვიზრუნებთ, რომ ჯარი განვითარდეს და მასში მსახურობა იყოს პატივი და ღირსება ყველა მოქალაქისთვის” – განაცხადა ალასანიამ. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ  6 დეკემბერს მთავარ პროკურატურას გაუგზავნა მასალები, რომელიც ეხება ახალაიას მინისტრობის დროს ნახმარი იარაღის საბაზრო ფასზე გაცილებით ძვირად შესყიდვის ფაქტს.

 

თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, ვაკო ავალიანის თქმით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს თავდაცვის სამიინსტრომ ბაჩანა ახალაიას ხელმძღვანელობის პერიოდში შეიძინა “მოძველებული, მეორადი, შეღებილი და ზოგიერთ შემთხვევაში კუსტარულად შეკეთებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

 

“დოკუმენტების თანახმად, 1 ცალ ავტომატში გადახდილია 290 ევრო, რეალურად საბაზრო ღირებულება მერყეობს 50 ევროს ფარგლებში. შესაბამისად, რადგანაც სახეზეა აშკარად დანაშაულის ნიშნები, ეს საქმე გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას”, – განაცხადა ავალიანმა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი