ახალი ამბები

ნაზი ჯანეზაშვილი:გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მიზნით ქონდათ მაღალჩინოსებს ე.წ. მეორე პასპორტი

8 დეკემბერი, 2012 • • 1605
ნაზი ჯანეზაშვილი:გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მიზნით ქონდათ მაღალჩინოსებს ე.წ. მეორე პასპორტი

კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ გამოძიების საგანი უნდა გახდეს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ე.წ. მეორე პასპოსტის საკითხი.

 

“მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, ყალბი პასპორტის დამზადება-გამოყენენება ისჯება კანონით. გამოძიების საგანი უნდა გახდეს, თუ რისთვის იყენებდნენ მაღალჩინოსნები მეორე პასპორტს. თუ გამოძიება დაადგენს, რომ პასპორტების გამოყენება ხდებოდა სახელმწიფო ინტერესებისთვის, მაშინ არ დადგება ამ პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ხოლო თუ დადგინდება, რომ ამ ტიპის პასპორტები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენებოდა, მაშინ, ბუნებრივია,   დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი”,-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

 

ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ საქმე ეხება სახელწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას,  საქმე მაინც უნდა იყოს გამოძიებული. მისი თქმით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ არის გამოძიებისთვის ხელის შემშლელი, რადგან გამოძიებული ინფორმაცია არ გასაჯაროვდება.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაღალჩინოსანთა საკუთრებაში არსებული “მეორე პასპორტის” თემა გრიფით “საიდუმლო” საკითხია და მისი გასაჯაროებით ხელისუფლება სახელმწიფო დანაშაულს ჩადის.

“მსგავსი ფაქტების გახმაურება არის სახელმწიფო დანაშაული. ეს არის გრიფით “საიდუმლო” საქმეები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში წარმოებს”, – განუცხადა გიორგი ვაშაძემ “ინტერპრესნიუსს”.

 

“კანონით არ არის განსაზღვრული, კონკრეტულად რომელ თანამდებობის პირს შეიძლება ჰქონდეს მეორე პასპორტი. ეს კეთდება კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში. მაგალითად, გია ლორთქიფანიძის შემთხვევაში ითქვა, რომ მეორე პასპორტი გამოყენებული აქვს კონკრეტულ შეხვედრაზე, კონკრეტული საქმიანობის დროს _ როგორც ვიცი, ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში შედიოდა ანტიტერორისტული დეპარტამენტი. მითხარით, როგორ უნდა იმუშაო ტერორიზმის წინააღმდეგ ისე, თუ აგენტურულ ქსელს და სხვადასხვა სამუშაოს არ აკეთებ? თუ ეს ხელისუფლება ყველაფერს ნათელს მოჰფენს, შეიძლება ქვეყანა თავზე ჩამოგვენგრეს. ყველა ნორმალური კი არა, არანორმალური ქვეყანაც კი ამას აკეთებს, მაგრამ ასეთი არანორმალური ქვეყანა, რომელიც ამას ამჟღავნებდეს, ცხოვრებაში არ მინახავს”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

6 დეკემბერს შს სამინისტროს ვებსაიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მოწმის სახით დაკითხა თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. შს სამინისტრო აცხადებდა, რომ გამოძიებამ კიდევ ერთი “საეჭვო წარმომავლობის” პასპორტი და პირადობის მოწმობა მოიპოვა გოჩა წერეთლის სახელზე – მასში მოცემული იყო ლორთქიფანიძის სურათი.

 

“გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა გიორგი ლორთქიფანიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ დასახელებული პასპორტი და პირადობის მოწმობა მართლაც იყო მის განკარგულებაში გარკვეული დროის განმავლობაში. მანვე გამოძიებას განუმარტა, რომ ანალოგიური პასპორტები, სხვისი დემოგრაფიული მონაცემებით, შესაძლოა ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც.

 

გარდა ამისა, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ივანე მერაბიშვილის დაცვის წევრი ვანო ტუღუში, რომელმაც აჩვენა, რომ 2012 წლის 30 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანე მერაბიშვილს გადასცა ორი პასპორტი”,-აცხადებდა შსს 6 დეკემბერს.

 

ვანო მერაბიშვილის დაკითხვა გუშინ, 7 დეკემბერს, შს სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე  5 საათს გრძელდებოდა. 

 

შს სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

“მიუხედავად გამოძიების მიერ მოპოვებული  საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებებისა, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მერაბიშვილის ჩვენებას, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა კვლავ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. იგი შეგნებულად ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს ხელი შეუშალოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას”.

 

შეგახსენებთ, რომ შსს სამინისტრო აცხადებს, რომ 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვიზიტის შეფერხების თავიდან აცილების მიზეზით, “ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა.დღეს, ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.”-აცხადებს სამინისტრო.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი