მერაბიშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, დაკითხვა ეხებოდა ყალბი პასპორტების საქმეს. მისი თქმით, მერაბიშილმა ყველა კითხვას გასცა პასუხი. ჭაბაშვილი ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არ გამორიცხავს, რომ მერაბიშვილი კიდევ ერთხელ დაიბარონ შს საგამოძიებო სამსახურში.
“ამ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ საქართველოს პრესის საშუალებით შუქდებოდეს ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის წევრის დაკავების დაკითხვის შესახებ. რათა არ ქონდეს საშულება ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ოპოზიციურ პარტიას, გააგრძელოს ამ ხელისუფლების კრიტიკის”,-განაცხადა მერაბიშვილმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი შს სამინისტროში დაკითხვაზე პირველ დეკემბერს გამოცხადდა პირველად.
შეგახსენებთ, რომ შსს სამინისტრო აცხადებს, რომ 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.
სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვიზიტის შეფერხების თავიდან აცილების მიზეზით, “ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა.დღეს, ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.”-აცხადებს სამინისტრო.
სამინისტრომ მერაბიშვილის დაკითხვის პირველსავე დღეს განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი კიდევ ერთხელ დაიკითხებოდა:
“შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი. მერაბიშვილი გამოცხადდა დაკითხვაზე, თუმცა პრაქტიკულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან თავი აარიდა კონკრეტულ კითხვებს. მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი. მან სცადა უარეყო გამოძიების მიერ უტყუარად დადგენილი ფაქტები, რის გამოც გამოძიება გაგრძელდა და განმეორებით დაიკითხებიან საქმეში მონაწილე უკლებლივ ყველა პირი, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის თანამშრომლები და ყოფილი პრემიერი ივანე მერაბიშვილი”.–ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებლ განცხადებაში.
გუშინ, 6 დეკემბერს, შს სამინისტრომ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოძიებამ კიდევ ერთი საეჭვო წარმომავლობის პასპორტი და პირადობის მოწმობა მოიპოვა.
შსს-ს ცნობით, დოკუმენტები გაცემულია ვინმე გოჩა წერეთლის სახელზე, თუმცა მასში განთავსებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილისს გიორგი ლორთქიფანიძის ფოტოსურათი.
“გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა გიორგი ლორთქიფანიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ დასახელებული პასპორტი და პირადობის მოწმობა მართლაც იყო მის განკარგულებაში გარკვეული დროის განმავლობაში. მანვე გამოძიებას განუმარტა, რომ ანალოგიური პასპორტები, სხვისი დემოგრაფიული მონაცემებით, შესაძლოა, ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც.
გარდა ამისა, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ივანე მერაბიშვილის დაცვის წევრი ვანო ტუღუში, რომელმაც აჩვენა, რომ 2012 წლის 30 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანე მერაბიშვილს გადასცა ორი პასპორტი. გამოძიება გრძელდება,”- ნათქვამია განცხადებაში.