ახალი ამბები

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დეკანოზი მამალაძე ჩაქვის სკოლის დირექტორობიდან გადააყენა

16 მარტი, 2017 • 5631
მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დეკანოზი მამალაძე ჩაქვის სკოლის დირექტორობიდან გადააყენა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის გადაწყვეტილებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე შპს “ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის” დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. საჯარო რეესტრში ასახული ინფორმაციით, ჩაქვის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მღვდელი დანიელ სოლომონიძე (ვაჟა სოლომონიძე) დაინიშნა.

საჯარო რეესტრში აღნიშნული ცვლილების მოთხოვნის თაობაზე განცხადება 2017 წლის 1 მარტს შევიდა, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 7 მარტს დაამტკიცა.

დიმიტრი შიოლაშვილის, როგორც საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის, უფლებამოსილების დამდასტურებელ დოკუმენტად საჯარო რეესტრში წარმოდგენილია 2005 წლის 15 ივლისს გაცემული მინდობილობა (მინდობილობა გაცემულია უვადოდ; დამოწმებული ნოტარიუს ოთარ ზოიძის მიერ). 2013 წლის 04 დეკემბერს, აღნიშნული მინდობილობის, როგორც სანოტარო არქივში დაცული დოკუმენტის ასლის ამონაწერი გაიცა ნოტარიუს ოთარ ზოიძის მიერ.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ის ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. გიორგი მამალაძე, რომელიც ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს, 14 თებერვალს დაკითხა პროკურატურამ. გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ასევე დაიკითხა ათეულობით მოწმე. პროკურატურამ საზოგადოებას გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებების ნაწილიც წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი