შს სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი მივიდა. ჟურნალისტებთან საუბარში ჭაბაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ ვინ დაურეკა მას და ვინ თხოვა მისვლა შს სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან. მისი თქმით, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
“ჯერჯერობით არაფერი ვიცი, ჩემი მოსვლის მიზანი ის არის, რომ მერაბიშვილის ინტერესები წარმოვადგინო. როგორც ვიცი, მოწმის სახითაა დაბარებული დაკითხვაზე, სავარაუდოდ, რადგან ისევ ამ შენობაშია დაბარებული, ალბათ ისევ ყალბი დოკუმენტების საქმეა”,- განაცხადა ჭაბაშვილმა.
მამუკა ჭაბაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის და შოთა ხიზანიშვილის ადვოკატია. დღეს ის შსს საგამოძიებო სამსახურში, ვანო მერაბიშვილის ინტერესებს წარმოადგენს.
ამ დროისთვის ორთაჭალაში მერაბიშვილის დაკითხვიდან გამოსვლას ელოდება ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელი- ლევან თარხნიშვილი და კობა ხაბაზი. გარდა ამისა, პარტიის რამდენიმე მხარდამჭერია შს სამინისტროს შენობასთან, სადაც მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. მათ შორის, გიგა ნასარიძე და თეა თუთბერიძე:
“ვიღაც კოჭოია საქართველოში თუ პოლიტპატიმარია და მერაბიშვილი მხოლოდ იმის გამო, რომ ის ყოფილა ლევან მაისურაძე, მაშინ ბრავო ვანო მერაბიშვილს. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მოსადავებელი ხელისუფლებას მერაბიშვილთან, ახალაიასთან, გარდა რაღაც სისულელეებისა, რასაც საზოგადოება ისმენს, არაფერი აქვთ. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ წინა ხელისუფლება იყო ძალიან ეფექტური და წარმატებული”,-აცხადებს თეა თუთბერიძე.
შეგახსენებთ, რომ შსს სამინისტრო აცხადებს, რომ 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.
სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვიზიტის შეფერხების თავიდან აცილების მიზეზით, “ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა.დღეს, ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.”-აცხადებს სამინისტრო.
სამინისტრომ მერაბიშვილის დაკითხვის პირველსავე დღეს განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი კიდევ ერთხელ დაიკითხებოდა: