ახალი ამბები

პრემიერი: უნდა დაისაჯოს როგორც აქციაში მონაწილე, ასევე მათი წამქეზებელი

15 მარტი, 2017 • 2029
პრემიერი: უნდა დაისაჯოს როგორც აქციაში მონაწილე, ასევე მათი წამქეზებელი

როგორც აქციაში მონაწილე, ასევე მათი წამქეზებელი, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად უნდა დაისაჯოს, – ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 15 მარტს, ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

მისი თქმით, ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა ადამიანური სახე: “ეს არის ის სახე, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ და ეს არის ის ცვლილება, რომელიც მოიტანა 2012 წლის არჩევნებმა – საქართველო გახდა ადამიანზე ორიენტირებული ქვეყანა.”

საქართველოს პრემიერ–მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხელმძღვანელობს სრულიად სხვა იდეალებით და დღეს სახელმწიფო სრულიად სხვა საფუძველზეა აგებული.

“გამოძიება გრძელდება. პირველ ეტაპზე ადამიანები ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულნი, ახლა მიმდინარეობს უფრო ღრმა გამოძიება სისხლის სამართლის კუთხით და ყველა ადამიანი, ვინც ხელი აღმართა ქვეყანაში ყველაზე ძვირფასზე და ეს არის ქვეყნის სტაბილური განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯილი. როგორც აქციაში მონაწილე, ასევე მათი წამქეზებელი, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად უნდა დაისაჯოს,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე გამოეხმაურა იმ ბრალდებებსა, რომელიც 11 მარტის ღამეს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და აღნიშნა, რომ პირადად იღებს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ღირსეულ რეაგირებაზე:

“მინდა, ჩემს ქვეყანას და ჩემი ქვეყნის მოსახლეობას ვუთხრა, რომ საღამოდან მოყოლებული, როდესაც სიტუაცია დაიძაბა, აბსოლუტურად პულსზე გვედო ხელი, მე პირადად ვიყავი ჩართული და პირადად ვიღებ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, როგორ ღირსეულად გაართვა თავი სახელმწიფომ ძალიან დიდ გამოწვევას. მე ვესაუბრე აჭარის მთავრობის მეთაურს, ზურაბ პატარაძეს, რომელიც ძალიან შეწუხებული იყო ამ მოვლენებით და სტამბოლიდან მოფრინავდა. შევთანხმდით, რომ იგი მიმართავდა შს მინისტრს და ექვსი დაკავებული, რა საბაბითაც ეს ყველაფერი დაიწყო და რა შემთხვევითაც ისარგებლა შემდეგ უკვე პოლიტიკოსთა ერთმა ნაწილმა, ხალხში ემოციების ასაზვირთებლად, გათავისუფლდა. მაშინ ჩაცხრა პირველი მუხტი. ჩვენ მოთმინებით დაველოდეთ, ვიდრე მუხტი არ ჩაცხრებოდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა, რომელიც აბსოლუტურად ვანდალიზმში გადავიდა, მაშინ ჩაერთო სპეცრაზმი. ეს იყო გამიზნული, სწორი გადაწყვეტილება. ამ დროს აჩვენა საქართველოს მთავრობამ თავისი აბსოლუტურად განსხვავებული სახე – რომ ჩვენთვის ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.”

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ შეინარჩუნა სტაბილურობა ისე, რომ არ გადათელა ადამიანები და არ გამოვარდა სპეცრაზმი, როგორც ადრე არაერთხელ მომხდარა.

“ისიც მინდა ვთქვა, რომ ნურავის მოატყუებს ეს ჩვენი ჰუმანური სახე და ნურავინ შეეცდება სახელმწიფოში სტაბილურობის შერყევას, რადგან სახელმწიფოს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, როგორც კი დავინახავთ, რომ შეიძლება ზღვარი გადასცდეს წითელ ხაზს. სხვათა შორის, ისიც ზუსტად ვიცით, როგორ ცდილობდნენ პოლიტიკოსები მუხტის შენარჩუნებას დილამდე და ჩვენ თუ ამას გავაკეთებდით, ისინი, შესაძლოა, დილამდე მუხტის შენარჩუნებას შეძლებდნენ. თუმცა, პროტესტის მუხტი ქვეყანაში არ არსებობს და სწორედ ეს გახდა ამ პოლიტიკოსების კრახის მიზეზი. მათ დაინახეს, რომ ვერ მიაღწიეს საწადელს და ძალიან უსინდისოდ დაიწყეს ისრების გადმოტანა მთავრობაზე,” – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირდაპირ ჩანდნენ ორგანიზატორები და ისმოდა მათი მოწოდებებიც. კვირიკაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს “ნაციონალური მოძრაობის” “ერთ ნაწილს” აბრალებს, რომელიც “პირდაპირ აქეზებდა ხალხს და თამაშობდა ადამიანების ემოციებზე”:

“მათ მოინდომეს ის, რაც მოინდომეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და სრული კრახით დასრულდა. დავინახეთ, როგორ ცდილობდნენ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ხალხის შეკრებას და 20-25 ადამიანზე მეტი ვერ მოიყვანეს. მათ გააკეთეს აბსოლუტურად უსინდისო განმარტებები და მთლიანი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, მათ კისერზეა. დაველოდებით გამოძიებას. რა ვერსიას იხილავს გამოძიება, ნამდვილად არ ვიცი და არ ვერევი ამ საქმეში. გამოძიება, რა თქმა უნდა, გააკეთებს თავის საქმეს, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება ამ პოლიტიკოსთა ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ დევიზით – თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში. ეს არის მათი დევიზი და არ გამოუვათ, რადგან ხალხი არის ჩვენს მხარეს.”


“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ენმ პროტესტის უფლებას მანამ აღიარებს, სანამ ძალადობრივ ფორმას მიიღებს. საპარლამენტო ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ამბობს, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლების რეაქცია დაგვიანებული იყო, რაც მისი თქმით, მათ უუნარობაზე მეტყველებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მმართველობის ხუთი წლის თავზე, ხელისუფლებამ პრობლემების “ნაციონალურ მოძრაობისთვის” დაბრალებაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.


12 მარტს, ღამით ბათუმში ქაოსი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. ბათუმში 11 მარტს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ბათუმი პლაზას” მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა, მათ შორის პოლიციის უფროსმა “აჭარლები თათრებად” მოიხსენია. დემონსტრანტები პოლიციელებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კუთხით არაადეკვატურ ჯარიმებშიც ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი