ახალი ამბები

ბოკუჩავა: ენმ პროტესტის უფლებას მანამ აღიარებს, სანამ ძალადობრივ ფორმას მიიღებს

13 მარტი, 2017 • 4265
ბოკუჩავა: ენმ პროტესტის უფლებას მანამ აღიარებს, სანამ ძალადობრივ ფორმას მიიღებს

“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლების რეაქცია დაგვიანებული იყო, რაც მისი თქმით, მათ უუნარობაზე მეტყველებს.

დეპუტატი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ მმართველობის ხუთი წლის თავზე, ხელისუფლებამ  პრობლემების “ნაციონალურ მოძრაობისთვის” დაბრალებაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა:

“ბათუმში მშვიდობიანი პროტესტი რაღაც მომენტში ძალადობაში გადაიზარდა, მიიღო უკანონო ფორმები. ნაციონალური მოძრაობა აღიარებს ყველა მოქალაქის უფლებას, რომ პროტესტს მიმართოს, თუმცა გმობს  ყოველგვარ ძალადობრივ მეთოდს. ხელისუფლების რეაგირება იყო უაღრესად დაგვიანებული. ნახევარი ქალაქი უკვე გადამწვარი იყო, როცა ხელისუფლებამ წესრიგის დასამყარებლად დაიწყო ზომების მიღება,” – ამბობს ბოკუჩავა და აღნიშნავს, რომ ეს დაგვიანებული რეაქცია ხელისუფლების უუანრობას ააშკარავებს.

ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლების მიმართ დიდი უკმაყოფილება არსებობს, ხოლო ენმ ლეგიტიმურ წუხილს და მშვიდობიან პროტესტს სოლიდარობას უცხადებს:

“ხელისუფლების მიმართ დიდი უკმაყოფილება არსებობს, თუნდაც აჭარის პოლიციის უფროსის მიმართ. ეს ფაქტები აკუმულირდა და სხვა უკმაყოფილებასთან  ერთად შეიძლება, გახდეს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის მიზეზი. როცა გარკვეული უკმაყოფილება არსებობს, ჩვენ როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, ვეცდებით, რომ ლეგიტიმურ წუხილებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ. თუმცა, ეს სოლიდარობა ვერასოდეს დაუკავშირდება ისეთ ჯგუფებს, რომლებიც ქალაქს აპარტახებენ, ჩადიან ვანდალიზმს და უსაფუძვლოდ, ძალადობრივი ფორმებით უპირისპირდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებს.”

თინა ბოკუჩავას აზრით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვერასდროს იქნება ასოცირებული ნგრევასთან:

“თუ ვინმე ასოცირებულია ნგრევასთან, ეს არის ქართული ოცნება. უკიდეგანო უპასუხისმგებლობაა, როცა ხელისუფლება დანაშაულის გამოძიების და დამნაშავეების დასჯის ნაცვლად, საკუთარი უუნარობის აღიარების და არაკოორდინირებული მოქმედებების აღიარების ნაცვლად, ისრები ნაციონალურ მოძრაობაზე გადმოაქვთ და პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობენ.”

12 მარტს, ღამით ბათუმში ქაოსი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. ბათუმში 11 მარტს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ბათუმი პლაზას” მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა, მათ შორის პოლიციის უფროსმა “აჭარლები თათრებად” მოიხსენია. დემონსტრანტები პოლიციელებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კუთხით არაადეკვატურ ჯარიმებშიც ადანაშაულებდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი