ახალი ამბები

ქართველ მუსლიმთა კავშირი პრეზიდენტს, პრემიერს და საპატრიარქოს მიმართავს

7 დეკემბერი, 2012 •
ქართველ მუსლიმთა კავშირი პრეზიდენტს, პრემიერს და საპატრიარქოს მიმართავს

ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ მუსლიმთა მიმართ გამუდმებით ისმის მუქარა და შეურაცხყოფა. მათი თქმით, საქართველოს მუსლიმებისადმი უკიდურესი შეუწყნარებლობის გამოხატვამ ტენდენციური ხასიათი მიიღო. 

 
“ჩვენს შეშფოთებას იწვევს საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრის არაკომპეტენტური განცხადებები. მოცემული განცხადებები კიდევ უფრო ძაბავს ისედაც დაძაბულ მდგომარეობას. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რის შესახებაც ნაკლებად ინფორმირებული არიან.
 
წინწყაროში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა 7 დეკემბერს, პარასკევს ცდილობს შეასრულოს პარასკევის ლოცვა. თუმცა თავს ვერ გრძნობენ დაცულად და სავარაუდოდ მათ გაუჭირდებათ განახორციელონ პარასკევის ტრადიციული ლოცვა. მოცემულ მდგომარეობას ვაფასებთ, როგორც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების რეალიზების მხრივ კრახის ტოლფასად, რაც ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. 
იმედს ვიტოვებთ, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, სამართალდამცავი ორგანოები მიიღებენ შესაბამის ზომებს. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსი აქტიურ ჩაერთვებიან და მუსლიმ მრევლს მისცემენ საშუალებას, შეასრულონ პარასკევის ტრადიციული ლოცვა.
 
აქვე თხოვნით მივმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, გამოხატოს სოლიდარობა მუსლიმებისადმი. საფრთხის ქვეშ არ დაგვიდგეს რელიგიებს შორის მშვიდობა, საიმედოდ იყოს დაცული რელიგიის თავისუფლება და თითოელული მუსლიმი მოქალაქის უსაფრთხოება”,-ნათქვამია ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი