ახალი ამბები

ახმედ ჩატაევი თავისუფალია

6 დეკემბერი, 2012 • 2142
ახმედ ჩატაევი თავისუფალია

მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა პროკურატურამ. პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის თქმით, ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს მეორე გამოძიება, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

 

გოზალიშვილის თქმით, შესაძლოა, გამოძიების შედეგად ეჭვქვეშ დადგეს იმ მტკიცებულებების მოპოვების კანონიერების საკითხი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩატაევისადმი წაყენებულ ბრალდებას. შესაბამისად, პროკურატურა მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჩატაევს შეეფარდოს გირაო პატიმრობის ნაცვლად.

 

მის არგუმენტებს დაეთანხმა დაცვის მხარე და ეს გაითვალისწინა მოსამართლემაც. 

 

ჩატაევმა გირაოს თანხა უნდა გადაიხადოს 30 დღის ვადაში და მან არ უნდა დატოვოს საქართველო ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახმედ ჩატაევის დაკავების შესახებ განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს გაავრცელა. შსს-ს ცნობით, ჩატაევი დაჭრილი იყო.  

 

ჩატაევის დაკავება მოხდა 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელსაც ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა.

 

ჩატაევს ბრალი წაყენებული აქვს სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი