ახალი ამბები

ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი მთავრობა ლოპოტის ინციდენტზე დასკვნას აქვეყნებს

4 ივნისი, 2013 • 1585
ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი მთავრობა ლოპოტის ინციდენტზე დასკვნას აქვეყნებს

აღნიშნულ საკითხზე შეკითხვა საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზეც დაუსვეს. კბილაშვილის თქმით, მან არ იცის, რა წყაროებზე დაყრდნობით გაკეთდა ეს დასკვნა და მისი მომზადების პროცესში ქართულ მხარეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

 

კბილაშვილმა განაცხადა, რომ ლაფანყურის საქმესთან დკავშირებით შს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურა გამოძიებას აგრძელებს, გამოძიების პროცესში უკვე ჩატარდა ცხედრების ექსჰუმაცია და ექსპერტიზა, რომლის პროცესშიც მონაწილეობა მიიღო ომბუდსმენის რეკომენდაციით ნომინირებულმა პირმა. კბილაშვილის თქმით,  ამ ეტაპზე  ვერ გააკეთებს პროგნოზს, თუ როდის დასრულდება ლაფანყურის საქმის გამოძიება:

 

“მოწმდება ყველა ვერსია, მათ შორის ის ვერსიაც, რომელზეც კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა, გამოძიება უნდა იყოს სკრუპულოზური და ზუსტი, რადგან ლაფანყურის თემა უდავოდ შეიცავს პოლიტიკურ შემადგენელსაც”, – განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნულ გამოძიებაზე მისი უწყება, მთავარი პროკურატურა მხოლოდ ზედამხედველობას ახორციელებს. 

 

კბილაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ლაფანყურის საქმეზე გამოძიების დასრულებას მოთმინებით დაელოდოს. მისი თქმით, საჭროა, რომ გამოძიებამ დასაბუთებული შედეგები დადოს, რადგან მას, სახალხო დამცველისგან განსხვავებით, არ აქვს უფლება თქვას, რომ არ დაასახელებს იმ წყაროებს, საიდანაც ინფორმაცია მიიღო. 

 

ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის დასკვნაში ლოპოტის ინციდენტთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის საგანგებო სხდომაზე #25 დადგენილება მიიღეს, რომლის თანახმადაც კონკრეტულად ამ ინციდენტის შესასწავლად სახელმწიფო კომისია შეიქმნა.

 

კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოღვაწეები და საერთაშორისო ექსპერტები.

 

დასკვნა ეყრდნობა ისეთი სახის ინფორმაციას, როგორიცაა ინტერვიუ გარდაცვლილთა ახლობლებთან, ლაფანყურის მცხოვრებთა ჩვენებები, ადგილის ტოპოგრაფიული რუკა და ფოტოები, გადაადგილების მარშრუტი, უშუალო მონაწილეებისგან და მათი თანაშემწეებისგან მიღებული ინფორმაცია და ა.შ.

 

“დადგინდა, რომ ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ვანო მერაბიშვილის მიერ იყო დაგეგმილი. ამ პერიოდში ის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებდა. ამასთან, ოპერაციის ჩატარება შეთანხმებული იყო მიხეილ სააკაშვილთან. სპეცოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე”, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

კომისია მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა, რომელიც ვარაუდობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს დარჩებოდნენ, შეეცადა ამომრჩევლის წინაშე საკუთარი დამოუკიდებლობის დემონსტრირება მოეხდინა და ეჩვენებინა, რომ “განაგრძობს რეფორმებს”

 

კომისია მიიჩნევს, რომ მასობრივი მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი და იყო პროვოკაცია, რომლის თანაავტორებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მათ ყოფილი ხელისუფლების წევრები ხელს აფარებდნენ.

 

კომისია ჩეჩენ მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდებს, ხოლო ჩეჩენ მებრძოლებს ურჩევს გამოიჩინონ კეთილგონიერება და ბრმად არ ენდონ მათ, ვინც “არაერთხელ შესწირა ჩეჩენი თანამემამულეები მსხვერპლად უცხო ინტერესებს”

 

ლოპოტის ხეობაში, კერძოდ, ლაფანყურში გასული წლის აგვისტოში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, მაშინდელი შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოკლეს დივერსანეტების ჯგუფის 11 წევრი, რომელთა ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან.

 

ლაფანყურის საქმის გამოძიებას საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს, რასაც დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადებით, გამოძიება პროკურატურამ უნდა განახორციელოს.

 

დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის თქმით, საქმეში უამრავი კითხვის ნიშანია და შესაძლოა საკმაოდ შემაძრწუნებელი ფაქტებიც გამოიკვეთოს.

 

შსს-ს წარმომადგენლებმა დუისში სპეცოპერაციის შედეგად სამი გარდაცვლილის (ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის) საფლავების ექსჰუმაცია განახორციელეს, რათა გვამების ექსპერტიზა ჩატარდეს.

 

ლაფანყური
ლაფანყური

მასალების გადაბეჭდვის წესი