ახალი ამბები

განათლების კომიტეტმა დიდგორის ბრძოლის დღის უქმედ გამოცხადებას მხარი დაუჭირა

15 მარტი, 2017 • 35773
განათლების კომიტეტმა დიდგორის ბრძოლის დღის უქმედ გამოცხადებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დიდგორის ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს “საქართველოს დიდი გამარჯვების” დღედ გამოცხადებას და უქმედ დაწესებას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი სერგო რატიანმა, რევაზ არველაძემ, ბიძინა გეგიძემ, გენადი მარგველაშვილმა, ნუკრი ქანთარიამ, ზაზა პაპუაშვილმა, ზაზა გაბუნიამ, თეიმურაზ ჭკუასელმა და სიმონ ნოზაძემ დაუჭირეს. კომიტეტზე მყოფი დეპუტატებიდან კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა არცერთს მიუცია. კანონპროექტი სამი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. შესაბამისად, თუ პროექტი მხარდაჭერას მოიპოვებს, საქართველოში 12 აგვისტო მეთვრამეტე უქმე დღე იქნება.

“შეიძლება გადაჭარბებულია, რომ მოწინააღმდეგეების ლაშქარი ნახევარი მილიონი იყო და ჩვენი იყო 55 ათასი, მაგრამ მტრები ურიცხვი იყვნენ. დიდგორი – ეს არის უდიდესი გამარჯვება,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა.

მიუხედავად სრული მხარდაჭერისა, რამდენიმე დეპუტატი ირიბად შეეცადა, რომ ეს დღე უქმედ არ დაწესებულიყო და ისე აღენიშნათ.

“დღე რომ აღინიშნებოდეს, მაგრამ დასვენების დღე არ იყოს, არ შეიძლება? ამ  გაზარმაცებულ ქვეყანას კიდევ ერთი დასვენების დღე თუ სჭირდება, ეგ არ  ვიცი,” – განაცხადა რევაზ არველაძემ, უმრავლესობის წევრმა.

ნუკრი ქანთარიას თქმით, დასვენების დღედ გამოცხადება განსაზღვრავს  დღის მნიშვნელობას.

“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დასვენების დღე იყოს. ეს მარტო ჩვენთვის არ კეთდება, შთამომავლობაზე უნდა გადავიდეს. ყველას უნდა ეწეროს გულზე ეს ამბავი, მხოლოდ ლოკალური არ უნდა იყოს.”

ქანთარიას დაკვირვებით, საქართველოში ძირითადად ომებში დამარცხების დღე აღინიშნება, რაც მისი თქმით, დიდი უბედურებაა:

“დაგვჩემდა უკვე ეს უბედურება, რომ დამარცხებულ ომებს აღნიშნავთ და თავდახრილი ვდგავათ გმირების საფლავებთან. აფხაზეთის დაცემის დღე, იუნკერების დღე და ა.შ. ერთადერთი 9 მაისი, რაც ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 26 მაისს რაც შეეხება, ნოე ჟორდანია პირდაპირ ამბობდა, რომ ეს პოსტით მოსული დამოუკიდებლობა იყო.”

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, სიმონ ნოზაძის განცხადებით, დიდგორი გადამწყვეტი ბრძოლა იყო “დიდი თურქობის” წინააღმდეგ:

“დავითის გამეფებამდე საქართველო გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა, დავითი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა ამ ომისათვის. ფაქტობრივად, საქართველომ მსოფლიო ომი მოიგო. კოალიციური ლაშქარი იყო. ჩვენ გვეხმარებოდნენ, მათ შორის 500 ოსი ჯარისკაცი, 200 ევროპელი გვეხმარებოდა, ყივჩაღები ჩვენი მოქალაქეები იყვნენ უკვე და ა.შ.”

ნოზაძე შიშობს, რომ ამ დღის უქმედ გამოცხადებით, სხვა გამარჯვებები გაფერმკრთალდება:

“მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე მიღწეული გამარჯვებები არ გავაფერმკრთალოთ. ვის მოუბრუნდება ენა დავით აღმაშენებლის  წინააღმდეგ, ყველაზე დიდ ქართველ პოლიტიკოსიად მიმაჩნია. უქმედ რომ გამოვაცხადოთ, დანარჩენ გამარჯვებებს ხომ არ ვაფერმკრთალებთ?”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, ამ დღის და დავით აღმაშენებლის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მაგრამ საქართველოში ძალიან ბევრი უქმე დღეა:

“12 აგვისტოს მთავრობის გარდა ყველა ისვენებს, ისედაც. ეს დღე სადავო არ არის, მაგრამ იგივე ერთი დღის დაწესებას უფრო ვემხრობი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან ომს მოიაზრებს.”

სხდომის დაწმყვანი გენადი მარგველაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მეორე მოსმენის დროს, კომიტეტის სხდომაზე ისტორიკოსები და სხვა პირები მოეწვიათ, რაზეც უარი მიიღო.  ქანთარიას თქმით, ეს დროის გაწელვაა.

“შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 ივლისისა და შემდგომ ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს და დაამტკიცოს 12 აგვისტო – „საქართველოს დიდი გამარჯვების დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით.

“ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ მუშაობის გააქტიურება. დიდგორის ბრძოლა, რამაც საფუძველი ერთიან ძლიერ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების რეალურად განხორციელების სტიმულია. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტი აქცენტი გაკეთდეს სახელმწიფოს ერთიანობაზე, ეროვნულ სულისკვეთბაზე, სახელმწიფოებრივ ასპექტებზე და გამარჯვებებზე.

გლობალიზაციის პირობებში საჭიროა ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების – 12 აგვისტოს – უქმე დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო. დიდგორობის საერთო სახალხო დღესასწაულად და „საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ“ გამოცხადება ხელს შუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებას და განმტკიცებას,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში

  • 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
  • 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
  • 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
  • 3 მარტი – დედის დღე;
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
  • სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
  • 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
  • 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
  • 23 ნოემბერი – გიორგობის დღე;

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებული უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. კოდექსის მიხედვით, უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი