ახალი ამბები

უსუფაშვილმა ივანიშვილის ძმისშვილის საქმეზე პროკურატურას მიმართა

5 დეკემბერი, 2012 •
უსუფაშვილმა ივანიშვილის ძმისშვილის საქმეზე პროკურატურას მიმართა

“ამა წლის 16 ნოემბერს მიწვეული ვიყავი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში, ქალბატონი ეკა კვესიტაძის გადაცემაში “აქცენტები”, ჩვენი საუბრის დროს წამოიჭრა საკითხი შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ, რის მაგალითადაც წამყვანმა ეთერში გაუშვა თქვენთვის კარგად ცნობილი ორი ფარული ჩანაწერის ფრაგმენტი. წერილს ერთვის ვიდეომასალა. მე განვაცხადე, რომ წინასაარჩევნო პერიოდიდან საზოგადოებას კარგად ახსოვს ამგვარი “სერიალები”, მაგრამ ვინაიდან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გამოითქვა ეჭვები დანაშაულის ნიშნების შესახებ, მე აუცილებლად მოგმართავდით, ამ საკითხის სათანადოდ შესწავლის თხოვნით, გთხოვთ რეაგირებას,”– აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში. 

 

16 ნოემბერს, გადაცემა “აქცენტებში”, მას შემდეგ რაც, დავით უსუფაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალა აჩვენეს, მან განაცხადა, რომ ორშაბათს, 19 ნოემბერს განცხადებით მიმართავდა მთავარ პროკურატურას ამ საქმის გამოძიების ფაქტზე: 

 

“პირდაპირ ეთერში წაკითხული დანაშაულის შემადგენლობას, ორშაბათს დილითვე ვუგზავნი მთავარ პროკურორს და მივმართავ, რომ პირდაპირ ეთერში გაჟღერდა ინფორმაცია, ვნახეთ კადრები, ქალბატონ ეკა კვესიტაძეს აქვს ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაული და ვთხოვთ გულდასმით გამოიძიოს დანაშაული”.

 

თუმცა უსუფაშვილმა შსს–ს მასალას “სერიალი” და მასზე ასახულ პირს, რომელის მოსყიდვის მცდელობას აქვს ადგილი, “მსახიობი” უწოდა:

 

“დავურთავ წერილს, რომ ორივე ეპიზოდი იყოს გულდასმით გამოძიებული, მე მაინტერესებს ამ ვიდეოს რეჟისორი, სცენარისტი, დამგეგმავი, ოპერატორი, მე არ ვიცი, ეს კუბოკრულ პერანგიანი ადამიანი ვინ არის”. 

 

შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობაა ასახული, იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საჯარო მოხელეების მოსყიდვის საქმეში, კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი მონაწილეობდა.

 

24 სექტქმბერს, ბიძინა ივანიშვილმა, ამ საკითხთან დასმულ შეკითხვას “კავკასიის” ეთერით უპასუხა, მისი თქმით, საკითხი, რომ ის მის ძმიშვილს ავალებს  ვინმეს მოსყიდვას აბსურდია:

 

“იქ ჩემი ძმისშვილი ჩაურთავთ, ის ჩვეულებრივი ბიჭია, ძალიან კარგი ბიჭია, სხვათა შორის, მაგრამ იმდენად არასერიოზულია თვითონ, რომ მე მას ვერც ერთი სამსახური ვერ მივეცი და ვერ ვანდე მას და ახლა უეცრად, თურმე ფულის დარიგება და კოალიციის მოსყიდვა დავავალე, ვერც ერთ სამსახურში ვერ გავაჩერე, ძალიან კი მიყვარს, ჩემი ძმისშვილია, მაგრამ არასერიოზულია ძალიან, მაგრამ ვერც ერთ სამსახურში ვერ გავაჩერე, ბოლო სამსახურიდანაც რამდენიმე დღის წინ გამოვუშვი იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ცრუობს, შესაბამისად, კომპრომატები, რომ თურმე ჩემს ძმისშვილს ვავალებ, რომ როგორმე პოლიციელები მოისყიდოს და ფულები დაურიგოს, ნუ ეს აბსურდია… ჩვენ არავის მოსყიდვას არ ვაპირებთ, არაფერი ამის მსგავსი არ ხდება ჩვენთან”, –განაცხადა ივანიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი