ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში – პირველადი შედეგები

13 მარტი, 2017 • 4668
საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში – პირველადი შედეგები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2017 წლის 12 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, 35 საარჩევნო ოლქიდან, გამარჯვებული კანდიდატები მხოლოდ 12 ოლქში გამოვლინდნენ. დანარჩენ 22 ოლქში მეორე ტური გაიმართება. ერთ ოლქში კი, განმეორებითი არჩევნები. მეორე ტური 2017 წლის 26 მარტს გაიმართება.

წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებულებს შორის არიან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც უკვე დეპუტატის სახით დაბრუნდება აფხაზეთში. ანქვაბი გუდაუთის საარჩევნო ოლქის კანდიდატებს შორის იყო. ანქვაბის კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს. ანქვაბმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი 2014 წლის ზაფხულის აქციების შემდეგ დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. აფხაზეთში კი, 2017 წლის 12 მარტის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 12 თებერვალს დაბრუნდა.

ალექსანდრ ანქვაბი; ფოტო: http://tass.ru/

ალექსანდრ ანქვაბი; ფოტო: http://tass.ru/

12 მარტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულთა შორის არიან, ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუა და ამჟამინდელი დეპუტატი ალმას ჯაპუა. დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, გამარჯვებულთა შორის არ არის ლეონიდ ლაკერბაია, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ მინისტრი, თუმცა, ამ დრომდე მის გამარჯვებაზე საუბრობდნენ.

მეორე ტურში მონაწილეთა შორის არიან აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკის თანათავმჯდომარე ასლან ბჟანია და ყოფილი შს მინისტრი რაულ ლოლუა.

არჩევნებში დამარცხებულთა რიგებში კი პარტია “ერთიანი აფხაზეთის” თავმჯდომარე სერგეი შამბა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა და პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი ბგანბა მოხვდნენ.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში აცხადებენ, არჩევნებს სხვადასხვა ქვეყნიდან [რუსეთი, მთიანი-ყარაბაღი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები] და ორგანიზაციიდან, 39 მონიტორი დააკვირდა. რუსეთის ფედერაციიდან წარმოდგენილი დამკვირვებლების დელეგაციას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა  თანამეგობრობისა და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი ხელმძღვანელობდა. 

არჩევნები აფხაზეთში, როგორც ოფიციალური წყაროები და რუსი დამკვირვებლები იუწყებიან, მშვიდ გარემოში და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩატარდა. ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციიდან სადამკვირვებლო მისიით აფხაზეთში ჩასულმა კონსტანტინ ზატულინმა აფხაზეთის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება მაინც გამოხატა: 

“აფხაზეთის საარჩევნო სისტემის პატივისცემის მიუხედავად, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 2 აპრილს გაიმართება, პირველად იქნება გათვალისწინებული კვოტები ეროვნული უმცირესობების კანდიდატებისთვის. სომხეთში 99% სომეხი ცხოვრობს და ამის მიუხედავად, პარლამენტში ეროვნული უმცირესობისთვის 4 ადგილი გამოიყოფა. მითხარით, რა არის იმის მიზეზი რომ 100-ზე მეტი კანდიდატიდან მხოლოდ ერთია რუსული გვარით?”, – განაცხადა ზატულინმა.

ამ კონტექსტში მან, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის შესყიდვის საკითხში შეზღუდვებზე ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია ის შიში, რომელიც აფხაზებს აქვთ.

“ეს პირველ რიგში აფხაზეთში ინვესტიციებს უშლის ხელს. მესმის, რომ პოსტკონფლიქტური სინდრომი არსებობს, რომ თუ ეს საკითხი გადაწყდება, მთელი რუსეთის მოსახლეობა აფხაზეთში ჩამოვა. მაგრამ როგორ ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დროს? ეს არ მომხდარა და არც მოხდება”.

აქვე, რუსეთის დუმის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები აფხაზეთის ახალ პარლამენტთან თანამშრომლობით დაინტერსებული არიან და რომ “რუსეთის ბიუჯეტის განხილვისას, მხარს უჭერენ აფხაზეთისა და ოსეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხს”.

Screen Shot 2017-03-13 at 5.27.35 PM

აფხაზეთის პარლამენტში 35 სადეპუტატო ადგილისთვის 137 კანდიდატი იბრძოდა. მათგან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმმა, ხოლო 24 – პოლიტიკურმა პარტიებმა [“აინარი”, “ამცახარა”, “აფხაზეთის სახალხო ფრონტი” და “აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი] წარადგინეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის 2017 წლის 12 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობით გალის რაიონი [71,1%] ლიდერობდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 429-მა ამომრჩეველმა მიიღო. [გალის რაიონის მცხოვრებთა პასპორტები უკანონოდ არის ცნობილი, შესაბამისად, ისინი არჩევნებში ვერ მონაწილეობდნენ].

აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად რუსეთის ფედერაცია და ის რამდენიმე ქვეყანა მიიჩნევს, რომელთაც აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აღიარეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 12 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, “ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი