ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საგარეო: ე.წ. არჩევნები ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს

13 მარტი, 2017 • 2512
საგარეო: ე.წ. არჩევნები ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 12 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს”.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, “ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს”.

“ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიური მილიტარიზაციის პარალელურად, აგრძელებს მათ ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით. ამავდროულად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს წართმეული აქვთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ადგილზე დარჩენილი მოსახლეობა კი იმყოფება მუდმივი ეთნიკური დისკრიმინაციის ქვეშ, უხეშად ირღვევა რა მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამ ფონზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა”.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად რუსეთის ფედერაცია და ის რამდენიმე ქვეყანა მიიჩნევს, რომელთაც აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აღიარეს.

საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი

საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი