ახალი ამბები

მთავრობის კანცელარიიდან 80 თანამშრომელი დაითხოვეს

4 დეკემბერი, 2012 • 1269
მთავრობის კანცელარიიდან 80 თანამშრომელი დაითხოვეს

კანცელარიის უფროსის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი საქართველოს მთავრობის ან ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არ გადაცემულა:

 

“ამ სახლს არ უფუნქციონირებია, ანუ ქუთაისის მთავრობის სახლს არანაირი დატვირთვა არ ჰქონდა. 11 ადამიანი ირიცხებოდა შტატში, ისინი იყვნენ კანცელარიის თანამშრომლები. თუმცა რეალურად მთავრობის სახლი არ მუშაობდა. მთავრობის სახლი, წინა ხელისუფლების ჩანაფიქრით, ქუთაისში შეიქმნა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ როდესაც მთავრობის წევრები იქნებოდნენ მოწვეული პარლამენტში, მათ ჰქონოდათ ფართი იმისთვის, რომ ემუშავათ, რისი საშუალებაც ჩვენ, საერთო ოპტიმიზაციის პირობებში, არ გვაქვს. ვერ ვხედავთ იმას, რომ ქუთაისში იყოს საჭირო ცალკე მთავრობის სახლის ფუნქციონირება და კომუნალური გადასახადების გადახდა. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჰქონდეთ სამუშაო ოთახში”, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

კანცელარიის უფროსის თქმით, რეორგანიზაცია შეეხო სხვა დეპარტამენტებსაც, საიადანაც დაითხოვეს თანამშრომლები:

 

“გაუქმდა რეგიონული მართვის დეპარტამენტი, რომელიც ივლისის თვეში იყო შექმნილი წინასაარჩევნოდ და რომლის ფუნქციაც ცოტა გაურკვეველი იყო. რეგიონულ მართვასთან დაკავშირებით ამ დეპარტამენტს სამუშაოები არ შეუსრულებია. დეპარტამენტი გაუქმდა სრულიად და, შესაბამისად, 40 ადამიანი გათავისუფლდა”, – ამბობს ცქიტიაშვილი. 

 

18-დან 8 თანამშრომელი დარჩა საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში, ხოლო პროტოკოლის დეპარტამენტში 15 ადამიანი მუშაობდა და შემცირდა 5-მდე:

 

“სხვა დეპარტამენტებშიც მოხდა შემცირება და სულ 80-მდე ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე ოპტიმიზაციის ფარგლებში”, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

 

მთავრობის ხუთსართულიანი შენობა საქართველოს პრეზიდენტმა გასული წლის ნოემბერში გახსნა. შენობის პროექტის ავტორი ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კაბოა, რომელმაც ასევე დააპროექტა ქუთაისში მშენებარე პარლამენტის შენობა. მშენებლობას ქართული კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტი” ახორციელებდა, რომელიც დასაქმების ყოფილ მინისტრს ეკუთვნოდა. მთავრობის სახლის შენობაში განთავსებული იყო პრემიერ–მინისტრის კაბინეტი, დარბაზები სამთავრობო შეხვედრებისთვის და საოფისე ოთახები თანამშრომლებისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი