ახალი ამბები

ახალი დეპარტამენტი ახალი მთავრობის პიარისთვის

4 დეკემბერი, 2012 • 1407
ახალი დეპარტამენტი ახალი მთავრობის პიარისთვის

რუსული გამოცემა “იზვესტია” იუწყება, რომ ასეთი სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ახალი მთავრობის პიარზე იმუშავებს, ამ კვირაში შეიქმნება საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ ივანიშვილის ინიციატივით.

 

კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ადასტურებს, რომ მართლაც იქმნება საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი, თუმცა იქვე აზუსტებს, რომ ეს არ უკავშირდება დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს და რომ ეს დეპარტამენტი მხოლოდ უცხოურ მედიასთან არ იმუშავებს ხელისუფლების პიარის კუთხით.

 

“რეორგანიზაციის შედეგად, ერთიანდება რამდენიმე სამსახური, როგორიცაა მაგალითად საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები, პრესსამსახური და შედეგად ყალიბდება ეს დეპარტამენტი, რომელიც დაკავებული იქნება საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით არა მხოლოდ უცხოურ, არამედ ადგილობრივ მედიაში,” – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

 

დეპარტამენტში 30-მდე ადამიანი იმუშავებს და მას “მარკეტინგული ცენტრი ტერრა მედიას” დირექტორი ვალერიან გორგილაძე უხელმძღვანელებს. ცქიტიშვილი განმარტავს, რომ გორგილაძე პროფესიული გამოცდილების შესაბამისად შეირჩა.

 

”ტერრა მედია” წარმოადგენს მულტისექტორალურ კვლევით კორპორაციას და მის საქმიანობაში შედის, ინტეგრირებული ინფორმაციის (მედია მონიტორინგული, მარკეტინგული და სხვა ემპირიული მონაცემების) საფუძველზე ანალიტიკური მოდელების კონსტრუირება, რეკომენდაციების, სამოქმედო გეგმების და სიტუაციური სტრატეგიების შემუშავება. კომპანია 10 წელია საქმიანობს ბაზარზე და მის კლიენტებს შორის სხვადასხვა სამინისტროები და მსხვილი ბიზნეს კომპანიები არიან.

 

მთავრობის კანცელარიის უფროსის თქმით, საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი ამ დროისთვის ჩამოყალიბების პროცესშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი