ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძის დაკითხვა 13 მარტს განახლდა

13 მარტი, 2017 • 2051
დეკანოზ მამალაძის დაკითხვა 13 მარტს განახლდა

დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის დაკითხვა, დღეს, 13 მარტს განახლდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროკურორი დილიდან მივიდა.

“დღეს გამოვცხადდით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით, ფაქტობრივად მას ამოეწურა ყველა საბაბი, რომლითაც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხს არ სცემდა, თუ რა თქმა უნდა დღესაც რაიმე მიზეზს არ დაასახელებს და კვლავ თავს აარიდებს ამ საგამოძიებო მოქმედებას. დარწმუნებული ვართ, ადრე თუ გვიან მას მოუწევს ამ მძიმე ბრალდებებს გასცეს პასუხი. ამ იმედით ვხვდებით დღეს მას, შეკითხვები არსებობს ძალიან ბევრი, როგორც ამ მომწამვლელი ნივთიერების მოძიება შეძენის თაობაზე, ასევე ბევრი სხვა თემა არის კიდევ, რაზეც დაისმება დღეს შეკითხვები”, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

დეკანოზმა მას შემდეგ განაცხადა თანხმობა გაგრძელებულიყო დაკითხვა, რაც მისი მოთხოვნა – მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო, შესრულდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, პროკურატურამ პირველად 28 თებერვალს დაკითხა. დეკანოზი გიორგი მამალაძე მოითხოვდა, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის დაცვა დაენიშნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პროკურატურას ჩვენებას აღარ მისცემდა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ის ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი