ახალი ამბები

ადვოკატი: მამა გიორგიმ 30 თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი ჩვენება უკვე მისცა გამოძიებას

2 მარტი, 2017 • 1929
ადვოკატი: მამა გიორგიმ 30 თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი ჩვენება უკვე მისცა გამოძიებას

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ძალიან ცუდად არის გაგებული დეკანოზის ჩვენების ამბავი, თითქოს გიორგი მამალაძემ არ მისცა ჩვენება. მისი თქმით, 27 თებერვალს, როგორი ჩვენების მიცემაც შეეძლო დეკანოზს უსაფრთხოების ფარგლებში, ისეთი ჩვენება მისცა და 30 თაბახის ფურცელი გადასცა გამოძიებას.

“უბრალოდ, გამოძიებას რომ გაუჩნდა დამატებითი კითხვები, ამ დამატებით კითხვებზე პასუხების გაცემა მოითხოვს უკვე მამაოს უსაფრთხოებას. თორემ, რისი საუბარიც უსაფრთხოების ფარგლებში შეეძლო, გამოძიებას 30 თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი ჩვენება უკვე გადასცა გამოძიებას,” – განუცხადა ნეტგაზეთს გიორგი ფანცულაიამ.

მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის ადვოკატები დღესაც შევიდნენ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში გიორგი მამალაძის მოსანახულებლად და მასთან სასაუბროდ. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, დეკანოზი გამოძიების შეკითხვებს აღარ უპასუხებს, სანამ პროკურატურის მხრიდან მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს.

პარასკევს დაცვის მხარემ პროკურატურა დაადანაშაულა დაკითხვის პროცესის განზრახ გადადებასა და პროცესის გაჭიანურებაში. დეკანოზის დაკითხვა ორშაბათს დაიწყო და 8 სააათს გაგრძელდა. დაკითხვა მომდევნო დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ვერ მისცემდა ჩვენებას. ადვოკატებმა ორშაბათს პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და მოითხოვეს მამალაძის ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები, რის შემდეგაც დეკანოზი მზად იქნება, გარკვეულ კითხვებს უპასუხოს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი