ახალი ამბები

გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე გახდება

4 დეკემბერი, 2012 • • 1856
გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე გახდება

ირაკლი ძნელაძე 20 წელია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, სხვადასხვა დროს ძნელაძე იყო ოპერაციების დაგეგმვის უფროსი, ასევე მუშაობდა სახმელეთო ძალებში და გაერთიანებულ შტაბში. ირაკლი ძნელაძე ასევე იყო საქართველოს სამხედრო ატაშე უკრაინაში. 

თავდაცვის მინისტრმა  პოლკოვნიკ ძნელაძეს უკვე მისცა პირველი დავალება – ნატოს სამხედრო კომისიის სხდომის მომზადება. ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეთანხმების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან შეიარაღებულ ძალებში  დაგეგმილი რეფორმები  უფრო სწრაფად განხორციელდება. 

გაერთიანებული შტაბის უფოსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რამდენიმე კვირის წინ ამ თანამდებობაზე დანიშნულ გიორგი კალანდაძეს პროკურატურამ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი წაუყენა და სასამართლომ მას უფლებამოსილება შეუწყვიტა.

 

საქართველოს თავდაცვის სისტემაში, აღნიშნულის გარდა, კიდევ არის ცვლილება. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 3 დეკემბერს გამოცემული ბრძანებით თავდაცვის სამინისტროში შექმნა “საიდუმლო რეჟიმის დაცვის სამმართველო”. 

 საიდუმლო რეჟიმის დაცვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემაში საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმის წარმოების კომისიური წესით შემოწმება, სათანადო მიწერილობისა და გეგმის საფუძველზე;

ბ) სამინისტროს სისტემაში საიდუმლო საქმიანობის შესრულებისას, საიდუმლო დოკუმენტებთან და ნაკეთობებთან ურთიერთობისას შემსრულებლების მიერ ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველყოფაზე კონტროლის განხორციელება;

გ) გენერალური ინსპექციის საიდუმლო საქმისწარმოების, დოკუმენტაციის დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება/განხორციელება და ამ მიზნით სააღრიცხვო ჟურნალების, საქმეთა ნომენკლატურებისა  და საიდუმლო არქივის წარმოება;

დ) საიდუმლო დოკუმენტებზე მუშაობის წესების დაცვისა და მათი შესაბამის ქვედანაყოფებში დროულად დაბრუნებისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება.’’

მასალების გადაბეჭდვის წესი