ახალი ამბები

შექმნილი ვითარების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში წავიდა

12 მარტი, 2017 • 4696
შექმნილი ვითარების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში წავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შექმნილი ვითარების გამო ბათუმში წავიდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სამინისტროში განუცხადეს.

ინცინდენტი მოხდა 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.

აქციაზე 6 პირი დაშავდა. ამის შესახებ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა განაცხადა.

ამ სამსახურის ცნობით, დაშავებულთა უმრავლესობას აღენიშნება დაჟეჟილობა და დაზიანება, რაც, სასწრაფო სამედიცინო სადგურის განმარტებით,  გამოწვეულია დაცემით, ქვის მოხვედრითა და შეხლა-შემოხლით . დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან 2 პოლიციელა, მათ თავის არეში ღია ჭრილობა აქვთ, ხოლო მოქალაქეებს აქვთ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ 1 საათში ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები განთავისუფლდებიან. მისივე თქმით, ამის პირობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი