ახალი ამბები

ომბუდსმენი მიმართავს პროკურატურას, უზრუნველყოს წინწყაროელი მუსლიმების უფლებების დაცვა

3 დეკემბერი, 2012 •
ომბუდსმენი მიმართავს პროკურატურას, უზრუნველყოს წინწყაროელი მუსლიმების უფლებების დაცვა

“2012 წლის 29 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელდა ინფორმაცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ადგილობრივ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე არსებული დაპირისპირების შესახებ.  2012 წლის 30 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოფელ წინწყაროში და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს ადგილობრივი მეჩეთის წინამძღოლს, მარად ღორჯომელაძეს. ახსნა-განმარტების თანახმად, სოფლის ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან რელიგიური თავისუფლებით სარგებლობას, რის გამოც, მარად ღორჯომელაძეზე რელიგიური ნიშნით ზეწოლას ახორციელებს. კერძოდ, 2012 წლის 29 ნოემბერს მარად ღორჯომელაძეს რელიგიურ ნიადაგზე სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხოფა და დაემუქრნენ, რომ თუ არ შეწყვეტდა მეჩეთის მშენებლობას, დაუწვავდნენ სახლს და გააძევებდნენ სოფლიდან. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, მისი ოჯახის მიმართ მუქარა დღემდე გრძელდება”, –ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში . 

 

სახალხო დამცველის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ინციდენტი 2012 წლის 30 ნოემბერსაც მოხდა. კერძოდ, მუსლიმურ სალოცავთან შეკრებილი მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილმა მუსლიმების მიერ რელიგიური წეს-ჩვეულებების აღსრულება გააპროტესტა. პროტესტი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა ადგილზე მყოფი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ჩარევის შემდგომ სიტუაცია განიმუხტა და მუსლიმ მოსახლეობას რელიგიური რიტუალების შესრულებაში ხელი არ შეშლია. 

  
“სამწუხაროდ, სოფელ წინწყაროში მიმდინარე პროცესები ბოლო პერიოდში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა მუსლიმ მოსახლეობას უპირისპირდება და აცხადებს პროტესტს მათი მხრიდან რელიგიური თავისუფლების განხორციელებაზე. პირველ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სოფელ ნიგვზიანში 2012 წლის ოქტომბრის თვეში.  საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა, თუმცა ჩვენთვის ამ ეტაპზე ოფიციალური პასუხი გატარებული ღონისძიებების შესახებ ცნობილი არ არის”.

  
მიმართვაში აღნიშნულია, რომ  მსგავსი ფაქტები შესაძლოა გახდეს რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შუღლის საფუძველი, ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მიმართავს  ყველა სათანადო ორგანოს გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი