ახალი ამბები

მერია: დაზარალებულ მოვაჭრეებს კრედიტებზე საშეღავათო პირობები ინდივიდუალურად განესაზღვრათ

10 მარტი, 2017 • 1827
მერია: დაზარალებულ მოვაჭრეებს კრედიტებზე საშეღავათო პირობები ინდივიდუალურად განესაზღვრათ

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი საქართველოს ბანკების ასოციაციასთან თანამშრომლობენ, რათა ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულებს, საბანკო ვალდებულებები შეუმსუბუქდეთ. ამ თემაზე დედაქალაქის მერიაში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილეები და კომერციული ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ:

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია ამ პერიოდში ბანკების მიერ განხორციელებული რესტრუქტურიზაციის პროცესის შესახებ, რომელიც ეხება დაზარალებულებისთვის სასესხო ვალდებულებების შემსუბუქებას. ბანკებმა წარმოადგინეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ მათი პორტფელის რა ნაწილი იქნა რესტრუქტურიზებული. ჩვენი მხრიდან ასევე დასმული იქნა ახალი პრობლემური საკითხები, მათ შორის, ახალი რესურსის მოძიების საკითხი. ბანკები მზად არიან, თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილონ ეს შესაძლებლობები“- განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ.

საქართველოს ბანკების ასოციაციის მიერ მერიისთვის მიწოდებული ინფორმაციით, რომელსაც  დედაქალაქის მერია ავრცელებს, ,,ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად 600-ზე მეტ დაზარალებულს აქვს საბანკო ვალდებულებები, რომლის ჯამური ღირებულება 16 მილიონამდე ლარს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, საშეღავათო პირობების განსაზღვრისთვის ბანკებს 200-მდე დაზარალებულმა მიმართა. ბანკებმა კი ყველა მათგანის სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაცია განახორციელეს. გარდა ამისა, დაზარალებულებს სხვადასხვა სახის საშეღავათო პირობები ინდივიდუალურად განესაზღვრათ.

“ამ ეტაპზე ბანკების მიერ რესტრუქტურიზებული თანხა ჯამში 7 მილიონამდე ლარს შეადგენს. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით, საბანკო სექტორი, შესაძლებლობის ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული პრობლემების გადაწყვეტაში,” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც დაზარალებულები “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებენ, კრედიტების გადავადება მართლაც ყველა მათგანს შეეხო, თუმცა პირობები მათთვის არახელსაყრელია, რადგან გადავადებული თვეების პროცენტი მათ სესხებს მაინც ემატება:

“არაფერი არავისგან არ ყოფილა, არც დახმარება, არც კომპენსაცია. კრედიტები გადაავადეს. 3-თვიანი ან 6-თვიანია, მაგრამ ის პროცენტები სამ თვეში რაც იქნება ერიცხება. 6-თვიანი თუ გავაკეთეთ რაცაა შესატანი ის ნაწილდება დანარჩენ დროზე. ასე, რომ, არ არის მისაღები პირობები. ბაზრებზე არის ადგილები ჩვეულებრივ, თუმცა შეღავათი არ მომხდარა, ყველგან თანხა სჭირდება. ერთი ან ორი თვე რომ დასვან უფასოდ ეს დამწვარი ხალხი, არავინ ამბობს მაგას. ყველაფერი დაიწვა. ერთი ცალი ნივთი არ გამომიტანია,” – ამბობს ელიზა სუბელიანი. დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ითხოვენ.

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი