ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, ბრალდება, რომლის გამოც გუნავა დააკავეს, სახელმწიფო საიდუმლოებას უკავშირდება

30 ნოემბერი, 2012 • 1090
ადვოკატის თქმით, ბრალდება, რომლის გამოც გუნავა დააკავეს, სახელმწიფო საიდუმლოებას უკავშირდება

ადვოკატის თქმით გამოძიება  თენგიზ გუნავას არა 3000 ლიტრ ბენზინზე ხარჯთაღრიცხვას, არამედ ოპერატიული მიზნებით აღებულ თანხას 49 500 ლარს და ამავე მიზნით მოხმარებულ საწვავს ედავება.

 

“არის სახელმწიფო საიდუმლოება, რომლის ასე გამჟღავნება უბრალოდ არ შეიძლება, შეეძლოთ დაებარებინათ, გენერალურ ინსპექციას, ვისაც აქვს ამის უფლება და ვალდებულება და მათ აუხსნიდა, თუ რა სახელმწიფო ინტერესი იდო და რა სახელმწიფო ინტერესი მოგვარდა და გადაწყდა ამ თანხის და ამ ღონისძიების შედეგად”, – განაცხადა გიორგი ონიანმა.

შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი 29 ნოემბერს მეორედ დააკავეს, გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) და 182-ე მუხლით (მითვისება) წაუყენეს.

 

საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი სავარაუდოდ პირველ დეკემბერს გაიმართება. თენგიზ გუნავას ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ აღმკვეთი გირაო დატოვონ ძალაში და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდონ.  

სასამართლომ გუნავას ერთხელ უკვე შეუფარდა აღმკვეთ ღონისძიებად გირაო.  თენგიზ გუნავამ, რომელიც თავადაპირველად იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შეძენა–შენახვისათვის დააკავეს,  შსს–ს თანამშრომლების წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. გუნავა მიიჩნევს, რომ  დაკავებისას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს და მასზე მოხდა შურისძიება ბაჩო ახალაიასთან მეგობრობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი