ახალი ამბები

ცნობილი ბიზნესმენი ოსმან კავალა სტამბულში დააკავეს

19 ოქტომბერი, 2017 • 3107
ცნობილი ბიზნესმენი ოსმან კავალა სტამბულში დააკავეს

სტამბულის ათათურქის აეროპორტში ცნობილი თურქი ბიზნესმენი ოსმან კავალა დააკავეს.

turkeypurge.com-ის ცნობით, კავალა აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ გაზიანტეპიდან ბრუნდებოდა.

იგი დააკავეს “გასაიდუმლოებული” გამოძიების ფარგლებში. თურქეთის შს სამინისტროსთან დაკავშირებულმა წყაროებმა და მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მას, სავარაუდოდ, 2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებასთან დაკავშირებული რამდენიმე შეხვედრის თაობაზე დაკითხავენ.

თურქეთის მედიის, hurriyet-ის ცნობით, იგი თვითმფრინავშივე დააკავეს და სტამბულის უსაფრთხოების განყოფილებაშია გადაყვანილი.

ოსმან კავალა 1957 წელს პარიზში დაიბადა და ეკონომისტის  განათლება მანჩესტერის უნივერსიტეტში მიიღო. მამის სიკვდილის შემდეგ “კავალას ჯგუფის” კომპანიას ჩაუდგა სათავეში.

ოსმან კავალა არის თურქულ-პოლონური და თურქულ- ბერძნული  ბიზნესკავშირებისა და ტურიზმის ინვესტორთა კავშირის წევრი. ბიზნესსაქმიანობის გარდა კავალა ანატოლიის კულტურის ასოციაციის თავმჯდომარეა.

კავალა მურატ ბელგესთან ერთად თურქეთში ერთ-ერთი უდიდესი საგამომცემლო კომპანიის დამფუძნებელია. იყო თურქეთის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის საბჭოსა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი

კავალა ისტორიის ფონდის, დიარბაქირის კულტურის ასოციაციის სპონსორი და ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის წევრია.

2016 წლის ივლისში თურქეთში სამხედრო ძალებს გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ ძალების უკან მუსლიმი იმამი ფეთულა გიულენი და მისი ორგანიზაცია “ფეტო” დგას.

გადატრიალების შემდეგ თურქეთში მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო “ფეტოსთან” კავშირისა და ტერორიზმში მონაწილეობის ბრალდებით.

ადამიანების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა თურქეთი არაერთხელ გააკრიტიკეს დაპატიმრებების პროცესში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი