ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა ‘ვაშინგტონ პოსტის’ სარედაქციო საბჭოს მოსაზრებაზე[VIDEO]

28 ნოემბერი, 2012 • 899
საპარლამენტო უმრავლესობა ‘ვაშინგტონ პოსტის’ სარედაქციო საბჭოს მოსაზრებაზე[VIDEO]

ეკა ბესელიამ, ელისო ჩაფიძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა, იმ მიზეზით, რომ სტატიას არ გაცნობიან, კომენტარზე უარი განაცხადეს. 

პარლამენტის პრესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, აღნიშნული მასალა ‘ნაციონალური მოძრაობის’ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შედეგია:

“მე არ ვიცი, ვინ არის ამ სტატიის ავტორი, თუკი ასეთი რამ იბეჭდება, ეს ალბათ არის შედეგი იმისა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები, ამჟამად უმცირესობაში მყოფი ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი, ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ აბსოლუტურად არასწორი, არაობიექტური, ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს საკუთარ ქვეყანაზე და შეიყვანოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეცდომაში”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი მიიჩნევს, რომ არასწორ განცხადებასთან გვაქვს საქმე:

“ვაშინგტონ პოსტში დაწერა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ჭეშმარიტება დასმულია. ბატონი ბიძინა, მე მგონი, ძალიან კარგი და ავტორიტერული სტუმარი იქნება, როცა შეძლებს ის წასვლას, მაშინ წავა კიდევაც”, – განაცხადა ზურაბ ტყეშელაშვილმა.

“პრემიერმინისტრად ქცეულმა მაგნატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ–ში გადაიდო, რაც კარგი ამბავია. სანამ ის ოპოზიციის ლიდერებს აპატიმრებს და ძალაუფლების მონოპოლიზებას ცდილობს, ის ვაშინგტონში სასურველი სტუმარი არ იქნება”, – ასე აფასებს ამერიკული გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” ბიძინა ივანიშვილის აშშ–ში პირველი ოფიციალური ვიზიტის გადადებას.

სარედაქციო საბჭოს მოსაზრებაზე დღეს კომენტარი ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა, მან განაცხადა, რომ ვაშინგტონ პოსტს პასუხს მოსთხოვენ:

“საოცარია, როგორ დაიბეჭდა ასეთ წერილი. ჩვენი პრეზიდენტი ამას აკეთებს და ეს სისტემა აწყობილი აქვთ. იბეჭდება რაღაც გაურკვეველი წერილები და იქაც ჩვენ გავაკეთებთ რეაქციას. მოხდება მათთან დაკავშირება. ჩვენ ვაშინგტონ პოსტი არ გვეპატიჟება, გვეპატიჟება ამერიკის ხელისუფლება. გაზეთს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ იქაც ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ობიექტურობას, მე დასკვნას არ გავაკეთებ და თუ ამის მსგავსი მცდელობაა გაზეთის მხრიდან, რეაგირებას გავაკეთებთ, დავუკავშირდებით და მოვთხოვთ პასუხს, რის საფუძველზე გააკეთა ეს დასკვნები. მარტო სააკაშვილმა უკარნახა, თუ კიდევ ეხმარებოდა ვინმე, მაგალითად, მრჩეველი ჰყავს, გლუკსმანი, ასეთ საკითხებით არის დაკავებული. ეს არის მაგათი პრინციპების კოჰაბიტაცია, ჩვენზე პასკვილებს გზავნიან ყველგან, ასე თანამშრომლობენ ახალ ხელისუფლებასთან, ამ დროს ჩვენ გვიგეგმავენ, წითელი ხაზები გავავლოთ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი