ახალი ამბები

კუპრაშვილი მედიაომბუდსმენზე: საერთაშორისო ექსპეტების შეფასებებს აქამდე არავინ უსმენდა

6 მარტი, 2017 • 1876
კუპრაშვილი მედიაომბუდსმენზე: საერთაშორისო ექსპეტების შეფასებებს აქამდე არავინ უსმენდა

მედიაადვოკატირების კოალიციის წევრი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აფასებს პრემიერის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით. კუპრაშვილი ამბობს, რომ ის მედიაექსპეტები, რომლების მოწვევის ინიციატივითაც მინისტრი გამოდის, აქამდეც ამზადებნენ რეკომენდაციებს, თუმცა მათ არავინ უსმენდა. კუპრაშვილის თქმით, სანამ მოდელი კონკრეტულად არ ჩამოყალიბდება, იქამდე ინსტიტუტის საჭიროებაზე ცალსახად შეფასების გაკეთება რთულია. ასევე მისმა ფუნქციებმა შესაძლოა გადაკვეთოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ფუნქციები:

“მე ვფიქრობ, რომ აქ კვეთა იმდენად [ჟურნალისტური] ეთიკის ქარტიასთან არ არის, რამდენადაც სახალხო დამცველის ინსტიტუტთან. იმიტომ რომ ის მედიის მიმართულებითაც მუშაობს და არ აკლებს განცხადებებს. ზოგადად, აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტეული ინსტიტუტი, არამედ პრემიერმა ასე თქვა, რომ უცხოელი ექსპერტები იქნებიან მოწვეული – რამდენიმე დასახელდა კიდეც. უბრალოდ, ვინც დასახელდა იმ ადამიანებსაც არ დაუკლიათ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით [შეფასებები], იყო ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, თუ რუსთავი 2. კონკრეტული რეკომენდაციები არსებობს ამ ადამიანების მხრიდან. მათი ჩართულობა ინსტიტუტის გარეშეც იყო აქამდე, უბრალოდ არ უსმენდნენ.

მაგრამ თუ მაინც და მაინც ინსტიტუტი გვჭირდება მოსასმენად, მე არ ცალსახად არ ვამბობ, რომ არ გვჭირდება. შეიძლება რაღაც მოდელებზე ფიქრი. ამაზე მუშაობა ვერაფრით ვერ დაფარავს ან გაგვათავისუფლებს იმ პრობლემებისგან, სწრაფი რეაგირებისგან, რომლებიც დღეს გვაქვს მედია სისტემაში შექმნილი. ამიტომ მე ამას ვხედავ, როგორც ორ პარალელურ რეჟიმს. ის რომ ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივა – ჩვენ ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ ამ ინიციატივაზე, ასევე იმაზე, საიდან წამოვა მხარდაჭერა, რა ტიპის ფუნქციები გვინდა, რომ დავაკისროთ, რა ტიპის უფლება-მოსილება ექნება ინფორმაციის გამოთხოვებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, კარგ ინიციატივასთან გვაქვს საქმე თუ არა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია იმ პრობლემებზე პასუხის გაცემა, რომლებიც გვაქვს მედიაში.” – აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

კვირიკაშვილი ასევე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს “რუსთავი 2-ის” საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერების თაობაზე, პატივისცემით ეკიდება.

კუპრაშვილის თქმით, თუ პრემიერი მსგავსი ინიციატივით გამოდის და მიესალმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებას, ის აღიარებს, რომ საქართველოში მედიაში არსებობს პრობლემები:

“ეს არ არის ცუდი, როდესაც პრემიერი საუბრობს მედიაში არსებულ პრობლემებზე და ჩვენ ამ ამოსავლიდან უნდა დავიწყოთ მსჯელობა. მე ვარ მზად ამ მიმართულებით მუშაობისთვის. ვარ მზად იმისათვის, რომ თუ აქამდე იყო კომუნიკაციის პრობლემა, თუ ჩვენი და იმ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებების მისვლა ჭირდა ადრესატამდე, კიბატონო, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. ეს კომუნიკაცია თუ ინტენსიური იქნება, კარგის მეტს არაფერს მოიტანს. მაგრამ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არსეულ პრობლემებთან დაკავშირებით მკაფიო ნაბიჯების გადადგმა.”

საქართველოს პრემირ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ შეიქმნას მედიის ომბუდსმენის ოფისი, რომელიც მედიის სივრცეში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება. განცხადება პრემიერმინისტრმა მას შემდეგ გააკეთა რაც, შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას მედიის ადვოკატირებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი