ახალი ამბები

საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება რუსთავი 2-ის საქმეზე [განახლებადი]

3 მარტი, 2017 • 6423
საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება რუსთავი 2-ის საქმეზე [განახლებადი]

2 მარტს, უზენაესი სასამართლოს მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტელეარხის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება. საქართველოში მოქმედი საელჩოები, ევროოპარლამენტარები და ორგანიზაციები მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ მოსაზრებებს აქვეყნებენ:


“შეშფოთებული ვარ “რუსთავი 2″-ის, საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის მიტაცების გამო. ეს არის დარტყმა პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე,” – ასე ეხმაურება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი.

ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე სოციალურ ქსელში უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს რუსთავი 2–თან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ის ეფექტურად შეზღუდავს მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომას.

ევროპარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან, ანა გომესი რუსთავი 2-ის საქმე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შიშობს, რომ ამან შეიძლება შეამციროს პლურალიზმი საქართველოში და პოლიტიკური სივრცის შემდგომი პოლარიზება გამოიწვიოს.

ევროპარლამენტის წევრი ევროპის სახალხო პარტიიდან გუნარ ჰოკმარკი რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწტვეტილების გამო სინანულს და შეშფოთებას გამოთქვამს.

“როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის წასართმევად დაიცადა მანამ, სანამ ის მიამიტი ევროკავშირისაგან უვიზო მიმოსვლას მიიღებდა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი აცხადებს ტვიტერში.

ევროპარლამენტში ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფი [ALDE] უაღრესად შეშფოთებულები არიან რუსთავი ორის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედგების გამო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსთავი 2 საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზიაა და ერთადერთი დიდი მედიასაშუალებაა, რომელსაც მკვეთრად გამოხატული პროდასავლური სარედაქციო პოლიტიკა აქვს.

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის 100% წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, იმედისგამაცრუებელ ნაბიჯად აფასებს. მიატოვიჩის განცხადებით, ეს არის საქართველოში მედიაპლურალიზმზე დიდი დარტყმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2–ის საქმეზე მიღებულ გადაწყეტილებას განცხადებით ეხმაურება. ისინი აცხადებენ, რომ ყურადღებით შევისწავლით რ2-ზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“Freedom House”-ის პროექტის “ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე” დირექტორი ნეით შენკანი, ამბობს, რომ Freedom House შეშფოთებულია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ““ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა.” – აცხადებენ საელჩოში.

საფრანგეთის საელჩოში ასევე აცხადებენ, რომ ისინი ყურადღებით აკვირდება რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საქართველოს მთავარ ოპოზიციურ მედიასაშუალებას წარმოადგენს: “საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას პრესის თავისუფლების პატივისცემისადმი, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს,” – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი