ახალი ამბები

ევროპარლამენტარი: რ2–ზე მიღებული გადაწყვეტილება ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს

3 მარტი, 2017 • 2419
ევროპარლამენტარი: რ2–ზე მიღებული გადაწყვეტილება ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს

ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე სოციალურ ქსელში უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს რუსთავი 2–თან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ის ეფექტურად შეზღუდავს მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომას.

ლატვიელი პოლიტიკოსის განცხადებით, საქართველოს იმიჯს ეს გადაწყვეტილება ზიანს აყენებს. სანდრა კალნიეტე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს ღია და თავისუფალი მედიაგარემო, სადაც კრიტიკული აზრი სათანადოდ იქნება გაჟღერებული.

“იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციურ უმრავლესობას გაცნობიერებული აქვს, რომ მედია პლურალიზმი არის არსებითად მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის,” – წერს კალნიეტე.

მისი განცხადებით, ჩვენი პარტია ევროპარლამენტში განაგრძობს ახლოდან დაკვირვებას, თუ როგორ შეასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს პოლიტიკურ და მედია პლურალიზმთან მიმართებაში.

სანდრა კალნიეტე ევროპარლამენტში “ევროპის სახალხო პარტია – ქრისტიან–დემოკრატების” ვიცე–თავმჯდომარეა. ის ასევე არის ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი. კალნიეტე 2002–2004 წლებში იკავებდა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, ხოლო მას შემდეგ 2009 წლამდე იყო ევროკომისარი. სანდრა კალნიეტე 2009 წლიდან არის ევროპარლამენტის წევრი.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა – გადაწყვეტილებას ხელი სასამართლოს ცხრავე მოსამართლემ მოაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი