ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს განცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესის გადაწყვეტილების შესახებ

2 მარტი, 2017 • 4129
აშშ-ის საელჩოს განცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესის გადაწყვეტილების შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური,”- აცხადებს აშშ-ის საელჩო.

დღეს, 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა დღეს, 2 მარტს დაიწყო და დღესვე გამოქვეყნდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში წერია:

“გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა””.

შპს “პანორამას” ქიბარ ხალვაში ფლობს, შესაბამისად, ტელეკომპანიის 100% უზენაესმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი