ახალი ამბები

ხელისუფლება ელჩების გამოწვევას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს

26 ნოემბერი, 2012 • • 990
ხელისუფლება ელჩების გამოწვევას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს

აღნიშნული განცხადება თინა ხიდაშელმა დღეს, 26 ნოემბერს, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” გადაცემა “მთავარ კითხვაში” გააკეთა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, საქართველოს ელჩების უმრავლესობა საზღვარგარეთ როგორც წლების მანძილზე, ისე საარჩევნოდ მუშაობდა როგორც “ნაცმოძრაობის” აქტივისტი.

 

“მათ იცავთ მიხეილ სააკაშვილი და არა კანონი. ჩვენ ვართ ძალიან კონკრეტულ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე კვირა გავიდა უკვე და პრეზიდენტი პასუხსაც არ იძლევა, აკმაყოფილებს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვას ელჩების გამოწვევის თაობაზე”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ელჩებს მაინც გამოიწვევენ, თუმცა ეს დროის საკითხია.

 

თინა ხიდაშელი ასევე გამოეხმაურა ბოლო დროს უცხოურ პრესაში მოქმედი ხელისუფლების შესახებ გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიებსა და უცხოელ მაღალჩინოსანთა მითითებებს პოლიტიკური ნიშნით დაკავებებსა და პოლიტიკურ დევნაზე.

 

ხიდაშელის თქმით, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი. დეპუტატის მოსაზრებით, “ნაციონალური მოძრაობა” ამ მიმართულებით ლობისტური კომპანიების მომსახურებას აქტიურად იყენებს, თუმცა გარკვეული შენიშვნები და კითხვები მას ლეგიტიმურად მიაჩნია.

 

“პირველ რიგში, მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარი დავხარჯოთ იმაში, რომ საკუთარი თავის რეკლამა გავწიოთ საერთაშორისო მედიაში. ამას არ ვაპირებთ და თუ ვინმეს ამის მოლოდინი აქვს, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხაზი ასე დარჩება და ეს არ მოხდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არაფერს არ ვაპირებთ”, – განაცხადა დეპუტატმა.

 

თინა ხიდაშელის განცხადებით, ხელშეკრულებები “ქართული ოცნების” ლობისტურ კომპანიებთან არჩევნებში კოალიციის გამარჯვებისთანავე შეწყდა, რადგან ისინი “ქართულ ოცნებას” ემსახურებოდნენ და არა–ხელისუფლებას.

 

“საქართველოს აქვს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გარდა ამისა სპეციალური სამინისტრო გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის, რომლის ფუნქციაც არის ქვეყნის წარმოჩენა ევროპულ სტრუქტურებში”, – ამბობს თინა ხიდაშელი. მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვებიდან ხელისუფლების სრულ გადაბარებამდე ერთთვიანი წყვეტა იყო, რის გამოც უცხოელ მაღალჩინოსნებს მხოლოდ ინფორმაციის ერთი წყარო ჰქონდათ. მისი თქმით, ამიერიდან სახელმწიფო უწყებები ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას შეუდგებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი